ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია


შეერთებული შტატების საელჩო, ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და აცხადებს, რომ „შეძრწუნებულია“ საქართველოს მთავრობის მიერ „გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით“.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო ამბობს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უკან დახია.

"შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნით ადრე, შეერთებულ შტატებში, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას, გამოეხმაურა ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი.

„ეს ძალიან შემაშფოთებეელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. გამომდიანე დაძაბული ვითარებიდან, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დრამატული ქმედეებებისგან თავი შეიკავოს. ჩვენ ყველა [მოვლენებს] თვალს ვადევნებთ“, - დაწერა კონგრსემენმა „ტვიტერზე“.

მოგვიანებით კონგრესმენმა კინზინგერმა ასევე "ტვიტერზე" გაფრთხილებაც გამოაქვეყნა.

"მე ამ რეიდს ლაივში ვუყურე. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ავტომატური რამ არაა," - განაცხადა მან.

ოპერაციას კრიტიკულად შეაფასა ასევე, პენ-ბაიდენის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაიკლ კარპენტერმა.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძალიან სამწუხაროა, სადაც ოპოზიციის სათაო ოფისის შტორმი მოხდა. იმედია ცივი გონების მქონე ადამიანები გაიმარჯვებენ და სიტუაციის დეესკალაცია ჯერ ისევ შესაძლებელია“, - აცხადებს კარპენტერი.

ხოლო განვითარებულ მოვლენებს "სევდიანი" უწოდა, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ. "ეს ძალიან სევდიანი დღეა", - აღნიშნა მან "ტვიტერზე".

ნიკა მელიას დაკავების ოპრეაციამდე, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, შეერთებული შტატების დედაქალაქში, როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები და სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებდნენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG