დღეს ამერიკაში კონგრესის არჩევნები იმართება, რომელიც შუალედური არჩევნების სახელითაა ცნობილი. ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას ანუ 435 წევრს, სენატის ერთ მესამდს - 37 წევრს და შტატების გუბერნატორების ნახევარზე მეტს აირჩევენ.
პრეზიდენტმა ობამას ამომრჩეველს არჩევნების წინ მიმართა და განაცხადა:
- თქვენ საშუალება გაქვთ შეცვალოთ თქვენი უბნები და თქვენი გარემო. ამისთვის მხოლოდ ხმის მიცემაა საჭირო.
2006 წელს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს. დღევანდელ არჩევნებში დემოკრატები სავარაუდოდ უმრავლესობას დაკარგავენ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ არაერთხელ აჩვენა, რომ ამომრჩევლის ნაწილი გაბრაზებულია მძიმე ეკონომიკური ვითარებით, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლითა და მზარდი ეროვნული ვალით.
რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ ბეინერი შეცვლის. ბეინერმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მიზნად აქვს დასახული შეკვეცოს ობამას ადმინისტრაციის დანახარჯები.
- თუ გავიმარჯვეთ და უმრავლესობა მოვიპოვეთ და თუ მე გამიმართლა და კონგრესის სპიკერი გავხდი, კონგრესში ბევრი რამ შეიცვლება.“ - აცხადებს ბეინერი.
ინდიანას შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ პენსი აცხადებს, რომ ამერიკელები ცვლილებებს ითხოვენ. მისი თქმით:
- ხალხს ეშინია, უკვე მეორე წელია ქვეყანაში დეფიციტი ტრილიონი დოლარით იზრდება. სახელმწიფო მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება და ჯანდავის სისტემას თავად განაგებს. არ მგონია ამერიკელებს ის უნდოდეთ, რომ ვაშინგტონმა მეტი რამ გააკეთოს. ჩემი აზრით ხალხს უკვე მიღებული შედეგის შეტრიალება უფრო სურს. ამერიკელები კურსის შეცვლას ითხოვენ.
რესპუბლიკელებს კონგრესში უმრავლესობა ბოლოს 1994 წელს ჰქონდათ. მაშინ დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი პირველ საპრეზიდენტო ვადას იხდიდა. რესპუბლიკურ კონგრესსა და დემოკრატიულ თეთრ სახლს შორის დაპირისპირებამ ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისი შექმნა, რამაც ამერიკის ფედერალური მთავრობის მუშაობა დროებით შეაფერხა.
დღევანდელ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკელები თეთრი სახლის დანახარჯების შეკვეცით კვლავ იმუქრებიან.