ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კრედიტუნარიანობა ჩამოქვეითდა


აშშ-ს კრედიტუნარიანობა ჩამოქვეითდა
აშშ-ს კრედიტუნარიანობა ჩამოქვეითდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „სტანდარდ ენდ ფურსის“ მიერ ამერიკის კრედიტუნარიანობის ჩამოქვეითების გამო, ამერიკელებს მომავალში სუსტი ეკონომიკური აქტივობა და მაღალი საკრედიტო განაკვეთები ემუქრებათ.

ვაშინგტონის შორიახლოს განლაგებული ბაზრის კლიენტები, რომლებსაც "ამერიკის ხმა" გაესაუბრა, აქამდე ისედაც შეშფოთებული იყვნენ სამუშაო ადგილების არარსებობითა და პერსპექტივის უქონლობით. ხალხი ორ პოლიტიკურ პარტიას შორის გაუთავებელი კინკლაობითაც დაიღალა

მყიდველი: „მათ კამათს რომ ვუყურებდი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ საქმე პატარა ბავშვებთან გვქონდა. სამარცხვინოა.“

შერონ ჯერემიამ მეყვავილის სამსახური დაკარგა. ახლა აქსესუარებსა და სამკაულებს ქმნის და ყიდის. ამბობს, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა უფრო ნაკლები დრო უნდა ატარონ დაპირისპირებაში და მეტი საქმე გააკეთონ.

ჯონ ჩამბერსი, რომელიც „სტანდარდ ენ ფურსის“ წარმომადგენელია ამბობს, რომ ამერიკის ხელისუფლების მიერ აგვისტოში მიღწეულმა შეთანხმებამ სახელმწფო ვალის ოდენობის საკითხში დავალიანების რაოედენობა ვერ შეამცირა. ამასთან ერთად, ანალიტიკოსები კიდევ უფრო მეტად დააფიქრა არასტაბილური პოლიტიკური კლიმატის არსებობაზე.

ჩამბერსი: „პოლიტიკოსების მოვალეობაა დროულად მოახდინონ რეაგირება სახელმწიფოს ფინანსურ მდგომარეობაზე და სწრაფი გადაწყვეტილება გამონახონ.“

სტანდარდ ენდ ფურსის“ რეიტინგმა შესაძლოა კრედიტორები აიძულოს მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაუწესონ მსყიდველებს და მთავრობას. მაღალი განაკვეთი ზრდის სესხის მთლიან თანხას, აუარესებს მთავრობის ვალის პრობლემას და ბიზნესებს კი ახალი დანადგარებისა და აპარატურის ყიდვას და დამატებითი მუშახელის დაქირავებას ურთულებს.

ვაშინგტონში მდებარე პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტი უილიამ კლაინი ამბობს, რომ „სტანდარდ ენდ ფურსის“ გადაწყვეტილების გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მართლაც რამდენად გაიზრდება საკრედიტო განაკვეთი.

„თუ საკრედტო განაკვეთი 1 პროცენტიდან და 1.1-მდე გაიზრდება, უარყოფით ზეგავლენას ვერც კი შეიტყობთ.“

„სტანდარდ ენდ პურსმა“ უკვე განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის ამერიკის კრედიტუნარიანობა სააგენტომ მომავალში კიდევ ჩამოაქვეითოს თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება.

ამერიკული ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ექსპერტი აიზეკ კოენი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება 2012 წლის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

კოენი: „დარწმუნებული ვარ, გაუთავებელ პოლიტიკურ კინკლაობას ექნება ადგილი და საპრეზიდენტო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ორ პარტიას შორის კონფრონტაცია ინტენსიურ ხასიათს შეიძენს.“

დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიას შორის დაპირისპირება მკვეთრად განსხვავებული იდეოლოგიიდან მომდინაორებს. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მთავრობის მოქმედებები ქვეყანაში შეუზღუდავია და ის ყველა სექტორში გადაწყვეტილებების მიღების მთავარი მიმღებია. ამ პარტიას, ამასთან, გადასახადების შემცირება და კერძო სექტორის დახმარება სწადია.

დემოკრატები ამბობენ, რომ მთავრობას კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკაში. ამიტომაც, ისინი დიდ გადასახადებს ითხოვენ მდიდარ ადამიანებსა და მსხვილ კორპორაციებზე. ვაშინგტონში მოქმედი კონკორდის კოალიციის ხელმძღვანელი რობერტ ბიქსი გვეუბნება, რომ ვალის საკითხში მიღწეული შეთანხმება ვერ არეგულირებს პარტიებს შორის არსებულ განსხვავებებს თუ როგორ უნდა იმართოს საპენსიო და ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული ფინანსები ღარიბი და ხანდაზმული ამერიკელებისათვის.

ბიქსი: „ამერიკას უდიდესი პრობლემა აქვს სოციალური პროგრამების გამო. აქედან სამი ყველაზე მსხვილი პროგრამა სოციალური დაზღვევა და ხანდაზმულებისა და ღარიბი ფენის დახმარების პროგრამებია, რომლებსაც „მედიქეიდის“ და „მედიქეარის“ სახელით ვიცნობთ. მათი მართვა დაკავშირებულია მოსახლეობის მზარდ, ხანდაზმულ სექტორთან და ჯანდაცვის კატასტროფულად ძვირ ხარჯებთან, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ამერიკის ეკონომიკა.“

შეგახსენებნთ, რომ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის აგვისტოში მიღწეული შეთანხმება ვალის ოდენობის გაზრდის შესახებ გულისხმობს მომავალი ათი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ხარჯვითი ნაწილის 1 ტრილიონი დოლარით შეკვეცას და ორპარტიული კომისიის შექმნას, რომელიც დამატებით 1.5 ტრილიონი დოლარის შეკვეცის შესაძლებლობას შეისწავლის.

საბოლოო შეთანხმების მიღწევა- სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიოანობის შესანარჩუნებლად და სახელმწიფო დავალიანების გასასტუმრებლად ამერიკელ პოლიტიკოსებს მტკივნეული გადაწყვეტილებების და ერთმანეთთან კომპრომისის გამონახვის ფასად დაუჯდებათ.

XS
SM
MD
LG