ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვნებათაღელვა სენატის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე


დიდი ვნებათაღელვა შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის გამოსვლამ გამოიწვია

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის გამოსვლამ სენეტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
სენეტორებს აინტერესებდათ პრეზიდენტის ძალაუფლების ფარგლები ქვეყანაში კრიზისის პერიოდში. დემოკრატმა სენატორმა პატრიკ ლიჰიმ ასე ჩამოაყალიბა თავისი შეკითხვა:“ შესაძლებელია თუ არა იმგვარი სცენარის განვითარება, როდესაც შეიარაღებულ დრონებს ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებენ შეერთებულ შტატებში?“
ამ კითხვაზე ერიკ ჰოლდერმა გაურკვეველი პასუხი გასცა:“მთავრობას არა აქვს ამერიკის ტერიტორიაზე დრონების გამოყენების გეგმები, მიჭირს ამგვარი სიტუაციის წარმოდგენა. თუმცა შეერთებულ შტატებში ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი საშუალების გამოყენების უფლება გვაქვს.“
რესპუბლიკელი რენდი პოლი არ დააკმაყოფილა ბატონი ჰოლდერის პასუხმა. მისი თქმით გენერალური პროკურორი სენატში ბარაკ ობამას მაგივრად ახმოვანებდა შემდეგი შინაარსის განცხადებას:“ ე.ი. პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ჯერ არავინ მოუკლავს და არც მომავალში აპირებს ამერიკელების დახოცვას, მაგრამ შეუძლია ამის გაკეთება. რამდენად მისაღებია ეს ჩვენთვის?“
სენატორ პოლისადმი გაგზავნილ სპეციალურ წერილში ერიკ ჰოლდერი ამტკიცებს, რომ ამგვარი იარაღის გამოყენების ერთადერთი შესაძლებლობა მხოლოდ 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტების შემთხვევაშია შესაძლებელი. გენერალური პროკურორის განცხადებით, სრულიად გამორიცხულია საჰაერო რობოტების გამოყენება კაფეში მჯდარი, ან ქუჩაში მიმავალი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი რომელიმე პირის წინააღმდეგ.
რესპუბლიკელი სენატორები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მკაფიოდ განსაზღვროს თავისი უფლებები. სენატორ ჩაკ გრესლის თქმით:“ ამერიკის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როდის შეიძლება მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას საკუთარი მთავრობის მხრიდან.“
ერიკ ჰოლდერის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა ალბათ სპეციალურ მიმართვას გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე იძულებულია დაიცვას საკუთარი პოზიცია საზღვარგარეთ დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის ტერორიზმში ეჭვმიტანილი შეერთებული შტატების მოქალაქეების განადგურების მიზნით. უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო შეფერხდა სენატში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ჯონ ბრენანის დამტკიცების პროცესი.
XS
SM
MD
LG