ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ამბობს, რომ ამერიკას ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბული მდგომარეობის მშვიდობიანად გადაწყვეტა სურს.
მატისმა ეს განცხადება სამშაბათს დელიში, ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრის ფარგლებში ამერიკა-ინდოეთის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
მატისის თქმით, ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფნა კორეის ნახევარკუნძულზე აუცილებელია იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეისგან არსებული საფრთხეები შემცირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაჭრის მომხრე არაა.
„ჩვენი მიზანი არის პრობლემის დიპლომატიურად გადაწყვეტა. მჯერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ ისაუბრა", - თქვა მატისმა ინდოეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
ორშაბათს დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რეჟიმს "დიდი დრო აღარ უწერია", თუკი ის მუქარას გააგრძელებს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ამის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს აშკარად ომის გამოცხადებას ნიშნავდა.
Facebook Forum