ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები-2020: ფოსტის მომსახურებაში შექმნილი პრობლემები კვლავ ყურადღების ცენტრშია


2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული დემოკრატიისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება. პირველად ისტორიაში, ამერიკელთა უმეტესობა ხმას პრეზიდენტს, კანონმდებლებს და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, ფოსტით საშუალებით აირჩევს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამუდმებით იმეორებს, რომ ფოსტით ხმის მიცემა არჩევნების შედეგებს გააყალბებს. დემოკრატებს განსაკუთრებით აშფოთებთ საფოსტო სამსახურში სულ ახლახან დაწყებული რეფორმები, რომელიც შეფერხებებს იწვევს.

სამშაბათს, დემოკრატების მხრიდან დიდი ზეწოლის და კონგრესში ორი მოსმენის დანიშვნის შემდეგ, შეერთებული შტატების ფოსტის ხელმძღვანელმა ლუის დეჯოიმ უკან წაიღო ფოსტის ბიუჯეტის შეკვეცის გეგმის განხორციელება. ბოლო კვირების მანძილზე დაწყებული ცვლილებების გამო, ფოსტის მუშაობაში ადგილი ჰქონდა შეფერხებებს.

დემოკრატები ფიქრობენ, რომ არჩევნების წინ, როცა ამერიკელების უმეტესი ნაწილი პანდემიის გამო ხმას ფოსტით მისცემს, მსგავსი შეფერხებები დაუშვებელია. ცვლილებებს შორის იყო სტაციონარული საფოსტო ყუთების და დასაფასოებელი ტექნოლოგიების შემცირება, თანამშრომლებისთვის ზედმეტი საათების მუშაობის შეჩერება, სატვირთო მანქანების დანიშნულ დროზე გასვლის რეგულაციის შეცვლა და მრავალი სხვა.

"საფოსტო სამსახური მზადაა შემოდგომაზე ნებისმიერი მოცულობის საარჩევნო ბიულეტენებს გაუმკლავდეს" - განაცხადა ლუის დეჯოიმ, მას შემდეგ, რაც დემოკრატებს დაპირდა, რომ დაწყებულ რეფორმას შეაჩერებს. ის ასევე პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პირველი ოქტომბრისთვის დამატებითი რესურსიც მზად იქნება.

დემოკრატები დეჯოის არ ენდობიან და ამბობენ, რომ საფოსტო სამსახურს უკვე დიდი ზიანი მიადგა. დეჯოი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მსხვილი დონორი იყო და მისი ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც თანამდებობაზე ივნისში დაამტკიცეს. დემოკრატები ფიქრობენ, რომ დეჯოის მიზანი სავარაუდოდ, სწორედ არჩევნებზე ბიულეტენების შეფერხება იყო, რადგან გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი გამოკვეთილად ლიდერობს.

ლუის დეჯოი კონგრესში დაცვის თანხლებით
ლუის დეჯოი კონგრესში დაცვის თანხლებით

"დააბრუნეთ საფოსტო ყუთები, რომლებიც აალაგეთ" - დაწერა "ტვიტერზე" კონგრესმენმა დევიდ სიცილინმა. "დააბრუნეთ დამფასოებელი ტექნოლოგია, რომელიც წაიღეთ. დააბრუნეთ სამუშაო საათები. დააბრუნეთ ფოსტის მანქანები, რომელიც წაიყვანეთ. სია გრძელია" - ამბობს ის.

ლუის დეჯოი კონგრესში მოსმენაზეა დაბარებული. პარასკევს ის სენატში უნდა გამოცხადდეს, ორშაბათს კი კონგრესში. თეთრი სახლის აპარატის უფროსმა, მარკ მედოუსმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს დეჯოისთვის საფოსტო სამსახურებში ოპერაციების რეფორმირება არასდროს დაუვალებია.

"ვფიქრობთ, ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ ბიულეტენები ფოსტით მხოლოდ 15 ოქტომბრამდე გამოაგზავნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საარჩევნო უბანზე პირადად უნდა მოვიდნენ" - ამბობს ჯო ფოსტერი. ის ფილადელფიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბნის, მონტგომერის საგრაფოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა.

ანალოგიური ნაბიჯის გადადგმაზე ფლორიდის, ჩრდილოეთ კაროლინის და სხვა შტატების დემოკრატებიც მსჯელობენ. ფოსტით ბიულეტენების დათვლის დროს შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც განიხილავენ ახალი ვადების დაწესების შესაძლებლობას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG