ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი კანონმდებლებს შვებულებიდან დაბრუნებისკენ და ფოსტის საკითხზე კენჭისყრისკენ მოუწოდებს


ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი კანონმდებლებს სთხოვს, საზაფხულო არდადეგებიდან სასწრაფოდ დაბრუნდნენ და კენჭი უყარონ ამერიკის ფოსტის ბიუჯეტს. დემოკრატები შიშობენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეკვეცის მიზანია 3 ნოემბრის არევნებზე წერილობით ხმის მიცემის შეფერხება და ბიულეტენების დაგვიანება.

საკანონმდებლო ცვლილებები შეერთებული შტატების ფოსტის მუშაობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას. წინადადება ფოსტის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს ლუის დეჯოის ეკუთვნის, რომელიც პოსტზე მუშაობას ივნისში შეუდგა.

წარმომადგენელთა პალატაში საკანონმდებლო ცვლილებასაც კი განიხილავენ, რომელიც დაბლოკავს ფოსტის ოპერირებაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას. "ფოსტის მომსახურება ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და კრიტიკული ფუნქციების შესასრულებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მილიონობით ამერიკელისთვის. ესენია: მიწოდება [ექიმის] რეცეპტების, სოციალური მომსახურების ქვითრების, [სახელფასო] ანაზღაურების, საგადასახადო შემოსავლიდან თანხის დაბრუნების და არჩევნებზე დაუსწრებლად ხმის მიცემისთვის, მათ შორის - ყველაზე განაპირა ადგილებში მცხოვრები საზოგადოებისთვის" - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

სენატის დემოკრატთა ლიდერი ჩაკ შუმერი სენატის დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერს, მიტჩ მაკკონელს მოუწოდებს სასწრაფოდ გამოიძახოს შვებულებიდან სენატორები და უზრუნველყოს ფოსტისთვის "ღრმა ზიანის" მიყენების მცდელობის შეჩერება, რათა "ხალხმა შეძლოს შემოსავლების, წამლების და სხვა აუცილებელი მომსახურების დროულად მიღება და რომ ჩვენი არჩევნები მთლიანად თავისუფალი და სამართლიანი დარჩეს". პელოსიმ და შუმერმა ფოსტის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ლუის დეჯოი და ფოსტის მომსახურების თავმჯდომარე რობერტ დუნკანი კონგრესში მოსმენაზე გამოიძახეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის წინააღმდეგია. ის მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ წერილობით ხმის მიცემა არჩევნების გაყალბებას გამოიწვევს. მან გასულ კვირაში აღიარა კიდეც, რომ ფოსტის მომსახურებისთვის განკუთვნილი $25 მილიარდის მიწოდებას აგვიანებს, რომ არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემა გართულდეს. მოგვიანებით, მან ეს განცხადება უკან წაიღო და თქვა, რომ დათანხმდება სახსრების გადარიცხვაზე, თუ დემოკრატები დათმობებზე წავლენ და რესპუბლიკელების მიერ წამოყენებულ, პანდემიით მიყენებული ზარალის კომპენსაციის წინადადებებს დათანხმდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG