ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების საპრეზიდენტო რბოლაში უორენი წინაურდება


სენატორმა ელიზაბეტ უორენმა თავისი საკამპანიო გამოსვლა, ქალაქ ნიუ იორკში, დიდი აუდიტორიის წინაშე ჩაატარა, სადაც პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურ კორუფციას შეებრძოლება. შეკრებილ ხალხს მან უთხრა, რომ “კორუფციამ ჩვენი ეკონომიკა დაანგრია და კორუფცია ჩვენს დემოკრატიას ანგრევს. მე ვიცი რაც არის დანგრეული. მე ამის გამოსწორების გეგმა მაქვს და საპრეზიდენტო არჩევნებშიც ამიტომ ვმონაწილეობ.”

თვეების განმავლობაში, გამოკითხვებში უორენის პოზიცია ზემოთ მიიწევდა და ლიდერის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარ მეტოქედ წარმოჩნდა. ჯო ბაიდენმა თანაპარტიელებს მიმართა. “ვინ არის დონალდ ტრამპი ყველამ იცის, მისმა მხარდამჭერებმაც კი. მათ ილუზიები არ აქვთ, მაგრამ მათ უნდა გავაგებინოთ, ჩვენ ვინ ვართ,” თქვა მან.

გასულ კვირაში, ჰიუსტონში გამართული ცხარე დებატის შემდეგ, კანდიდატები საკამპანიო ბილიკებს დაუბრუნდნენ. დებატის დროს, ნიუ ჯერსის სენატორმა კორი ბუკერმა მეტოქეებს ერთმანეთზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, “ერთი შანსი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპი ერთ ვადიან პრეზიდენტად ვაქციოთ. არ შეგვიძლია ეს დავკარგოთ იმით, თუ ერთმანეთზე როგორ ვლაპარაკობთ, ერთმანეთის დამცირებას და დემონიზებას როგორ ვახდენთ.”

ჯული პეისი "ასოშეიტედ პრესიდან" ამბობს, რომ სამი დებატის შემდეგ, ბაიდენი, უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი დემოკრატების ჯგუფის თავში რჩებიან. “მთავარი, რისი გაგებაც ამ დებატებიდან გსურს არის ის შეიცვალა თუ არა ვინმემ პოზიცია."

ანალიტიკოსს ლარი საბატოს მიაჩნია, რომ როგორც ჩანს, ბაიდენი მხოლოდ იმას ახერხებს, რომ ლიდერობა შეინარჩუნოს: “ჯო ბაიდენს საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა. ვფიქრობ, ის პირველ ორ დებატთან შედარებით უკეთესი იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გამოსვლა უნაკლო იყო. ის ყოველთვის ახერხებს რაღაც უცნაურობა ჩაიდინოს, მაგალითად ხალხს მოუწოდოს, თავის გრამფირფიტებს მოუსმინონ.”

საბატო ამბობს, რომ ბაიდენი კვლავ სარგებლობს იმ არსებული იდეით, რომ მომავალ წელს, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ის ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება. “არსებობს იმის მიზეზი, თუ მათ რატომ მიიღეს ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება. დემოკრატებმა განმარტეს ნომინაციის მთლიანი პროცესი და ყველაფერი მიდის ერთ კითხვამდე: ვინ შეძლებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამარცხებას? ეს არის მათი მთავარი საზრუნავი,” თქვა საბატომ.

მიუხედავად იმისა, რომ უორენი და სანდერსი მეორე ადგილისთვის იბრძვიან, ბოლო გამოკითხვებში უორენის პოზიცია უმჯობესდებოდა, აღნიშნავს ემორის უნივერსიტეტის ექსპერტი ანდრა გილესპი: “სანდერსისთვის გამოწვევა ის არის, რომ არსებობს სხვა, სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი ელიზაბეტ უორენის სახით და ვფიქრობ, ამ გამოკითხვებში იმას ვაკვირდებით, უორენის აღმასვლა სინამდვილეში ბერნი სანდერსის ხარჯზე ხდება თუ არა. ვფიქრობ ეს ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვაა.”

დემოკრატები შემდეგ დებატს ოჰაიოში გამართავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG