ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეიტსი პენტაგონის ბიუჯეტს ამცირებს


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს რობერტ გეიტსს პენტაგონის ბიუჯეტის შემცირება აქვს განზრახული

გუშინ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ერთ-ერთი სამხედრო სამმართველოს გაუქმების შესახებ განაცხადა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სხვა ზომების მიღებასაც აპირებს რათა ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები უფრო ყაირათიანად იქნას რეალიზებული და პენტაგონს შეეძლოს ქვეყნის დაცვა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში.

გეიტსმა განაცხადა, რომ მომავალ წელს გაერთიანებული სამხედრო ძალების სამმართველო დაიხურება. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ათი მსგავსი სამხედრო სამმართველო ფუნქციონირებს. გაერთიანებული სამხედრო ძალების სამმართველოში, რომელიც ვირჯინიის შტატშია განლაგებული, 2,800 პირია დასაქმებული და ამ უწყების წლიური ბიუჯეტი 340 მილიონ დოლარს შეადგენს. სამმართველოს ფუქციებში შედის სამხედრო სამსახურებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, საბრძოლო მისიებისთვის შესაბამისი სამხედრო განაყოფების შერჩევა და ერთობლივი წვრთნების ორგანიზება მოწვეულ უცხოელ სამხედროებთან ერთად. გეიტსმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ხსენებული ფუნქციის შესრულების აუცილებლობა აღარ არსებობს, ხოლო დანარჩენების შესრულება სხვა უწყებრივ ერთეულებსაც შეუძლია.

პენტაგონის ბიუჯეტის შემცირების გეგმა თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სამხედრო მაღალჩინოსნების, სამოქალაქო პირებისა და მოიჯარეების რიცხვის შემცირებას ითვალისწინებს. ამას გარდა შემცირდება ანგარიშების რაოდენობა, რომლებსაც ყოველდღიურად პენტაგონში ამზადებენ. აგრეთვე იგეგმება სადაზვერვო მასალების შეგროვების სფეროში არსებული ზედმეტი რესურსების შემცირება.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პენტაგონმა ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების უფრო ყაირათიან რეალიზებაზე უნდა იზრუნოს რადგან მომავალში მოსალოდნელია, რომ თავდაცვის სამინისტროს ნახევარ ტრილიონ დოლარად შეფასებული საბაზო ბიუჯეტი ალბათ არ გაიზრდება. მისი თქმით, პენტაგონის საერთო ბიუჯეტი მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზრდება. ეს კი არ არის საკმარისი რადგან თავდაცვის სამინისტროს სამი პროცენტი სჭირდება ყველა მისიის შესასრულებლად.

„როცა მე მსოფლიოს ვაკვირდები, მე თვალნათლივ ვხედავ არასტაბილურობის ბევრ კერას, უფრო მეტ წარუმატებელ ქვეყნებს, სახელმწიფოებს, რომლებიც დიდძალ ფულს ხარჯავენ საკუთარ სამხედრო ძალებზე. როცა მე ვაკვირდები ირანს ან ჩრდილოეთ კორეას ან მსოფლიოს სხვა რეგიონებს, მე ვხედავ სხვადასხვა საფრთხეებს, კიბერ შეტევებით დაწყებული და ბალისტიკური რაკეტებით დამთავრებული. ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი ის გახლავთ, რომ ჩვენ თავდაცვით ბიუჯეტს ისევე ვავნებთ, როგორც ეს უკვე ოთხჯერ მოხდა წარსულში, ანუ ჩვენ მას მკვეთრად შევამცირებთ რათა შენახული ფული სხვაგან გამოვიყენოთ. ეს კი ჩემი აზრით დამღუპველი იქნება,“ განაცხადა გეიტსმა.

გეიტსმა აღნიშნა, რომ ერაყსა და ავღანეთში ამჟამად მიმდინარე ომები პენტაგონის ბიუჯეტისთვის დიდ გამოწვევას არ წარმოადგენს. მას მომავალი ადარდებს.

„ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ გვჭირდება ფული ამჟამად მიმდინარე ომების დასაფინანსებლად. ჩვენ ეს სახსრები გვაქვს. მე მინდა რომ ჩვენ გარანტირებული გვქონდეს სახსრები მომავლისთვის,“ დასძინა გეიტსმა.

თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია სამომავლო საფრთხეებიდან რომელი მიაჩნია მას ყველაზე სერიოზულ გამოწვევად, მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს უფრო მეტი სამხედრო ხომალდი სჭირდება. ეს ფაქტორი კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს შეერთებული შტატებისთვის რადგან ვაშინგტონს წყნარი ოკეანეს რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო პოტენციალის დაბალანსება სურს.

XS
SM
MD
LG