ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ეროვნული დავალიანება


აშშ-ს ეროვნული დავალიანება
აშშ-ს ეროვნული დავალიანება

როგორც მოსალოდნელია, მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე შეერთებული შტატების კონგრესი ფედერალური მთავრობის დავალიანების ზღვარს გაზრდის, რაც დამატებითი სესხების აღებასა და ამერიკის 14-ტრილიონიანი დავალიანების გასტუმრებას შესაძლებელს გახდის. აღსანიშნავია, რომ წარსულში კონგრესმა სესხების აღებაზე დაწესებული ზღვარი არაერთხელ გაზარდა, რაც იმით აიხსნება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკას მასზე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხე დაემუქრებოდა, რაც უპრეცედენტო ფინანსურ კრიზისს გამოიწვევდა. მაგრამ ამერიკელი კანონმდებლებისთვის ეროვნული დავალიანების ზღვარის გაზრდა ძალზედ მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ პარტიებს შორის დაძაბულობას, მწვავე რიტორიკასა და რთულ მოლაპარაკებებს იწვევს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი კაპიტოლიუმიდან.

გასული საუკუნის 1990-იანი წლების გარდა, როცა შეერთებული შტატები ბიუჯეტის დეფიციტს არ განიცდიდა, ფედერალურ მთავრობას წლიური დეფიციტის ერთობლივი დავალიანების დასაფარად სულ უფრო და უფრო მეტი სესხის აღება სჭირდება. როცა მთავრობა დავალიანების ზღვარს უახლოვდება, კონგრესს ამ ზღვარის გაზრდა უხდება.

როგორც წესი, მმართველი პარტია კანონმდებლებს მოუწოდებს გამოიჩინონ კეთილგონივრულობა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ეროვნული დავალიანების ზღვარის გაზრდას რადგან სხვაგვარად ფედერალური მთავრობის გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. სენატის უმრავლესობის ლიდერმა დემოკრატმა ჰერი რიდმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჩვენ არჩევანი არ დაგვრჩა. მთელს მსოფლიოს ესმის ის, რომ ჩვენ ქვეყანას ვალის გადაუხდელობის უფლება არ გააჩნია. ჩვენ კრედიტის ბარათი გვაქვს, რომელიც გადახდას ითხოვს.“

მაგრამ უმცირესობაში მყოფი პარტიისთვის ეროვნული დავალიანების ზღვარის გაზრდასთან დაკავშირებული დებატები პოლიტიკური კინკლაობის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის. აღსანიშნავია, რომ როცა 2006 წელს დემოკრატიული პარტია სენატში უმცირესობაში იყო და რესპუბლიკელები სენატს აკონტროლებდნენ, დემოკრატიული უმცირესობის მაშინდელმა ლიდერმა ჰერი რიდმა აღნიშნა:

„როგორ აუხსნის თავიანთ ამომრჩევლებს კონგრესის რესპუბლიკური უმრავლესობა, რომ ტრილიონობით დოლარის ახალი სესხების აღება ჩვენი ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება?“

ნიშანდობლივია, რომ 2006 წელს დემოკრატმა სენატორებმა ეროვნული დავალიანების ზღვარის გაზრდის წინააღმდეგ მისცეს ხმა რადგან მათ იცოდნენ, რომ რესპუბლიკურ უმრავლესობას ამ ზომის მიღებისთვის მაინც საკმარისი რაოდენობის ხმები გააჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატ სენატორებს შორის, რომლებმაც ეროვნული დავალიანების ზღვარის გაზრდის წინააღმდეგ მისცეს ხმა, იყო ახალბედა სენატორიც ბარაკ ობამა. თავის მაშინდელ გამოსვლაში ობამამ აღნიშნა, რომ ეროვნული დავალიანების ზღვარის გაზრდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეკონომიკური პოლიტიკის მარცხს წარმოადგენდა.

XS
SM
MD
LG