ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კონგრესი და კონფლიქტებში ჩართვის ნებართვა


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 268 ხმით 261-ის წინააღმდეგ, ხუთშაბათს ხმა მისცა კანონის გაუქმებას, რომელიც თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, ამერიკელ პრეზიდენტებს ტერორიზმის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებდა.

ერაყის ომის დაწყებიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ, კონგრესის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს სადამ ჰუსეინის ჩამოგდების უფლებას აძლევდა, თავისი მოქმედების დასასრულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ნებართვის გაცემის შემდეგ, ორივე პარტიის წარმომადგენელმა სამმა პრეზიდენტმა ამ ნებართვის შინაარსი კონფლიქტების ფართო სპექტრში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა ბარბარა ლიმ თქვა:

“დღემდე გრძელდება ჩვენი დაუსრულებელი ომი, რომელიც ტრილიონობით დოლარი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გვიჯდება და ბევრად სცილდება იმ ჩარჩოებს რაც კონგრესმა ჩაიფიქრა ან განიზრახა.”

შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, ომის გამოცხადების უფლება მხოლოდ კონგრესს აქვს, მაგრამ 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ, კანონმდებლებმა პრეზიდენტებს კონფლიქტში ჩასაბმელად ფართო უფლებები მისცეს. ერაყის ომის ერთ-ერთი ვეტერანი ირწმუნება, რომ სამხედრო ძალის გამოყენების უფლება, საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატების სამხედრო მანქანას ასუსტებს. დემოკრატმა კონგრესმენმა რუბენ გალეგომ თქვა, რომ სამხედრო ძალის გამოყენების უფლება რაც უფრო დიდხანს რჩება ძალაში, კონგრესი უფრო დიდხანს მიდის კომპრომისზე საკუთარ მორალთან და კონსტიტუციურ მოვალეობასთან - იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიღოს იმაზე, თუ ამერიკელი ჯარისკაცები საბრძოლველად როდის გაგზავნოს.

პრეზიდენტმა ტრამპმა 2002 წელს გაცემული ეს ნებართვა, 2020 წელს, ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის საჰაერო იერიშით განადგურების გასამართლებლად გამოიყენა. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ იმ გადაწყვეტილებამ არსებული ნებართვის საჭიროება დაამტკიცა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა აღნიშნა, რომ იზიარებს სურვილს, რომ გაუქმდეს 2002 წლის ნებართვა და 2001 წლის ნებართვაც, მაგრამ ეს უნდა იყოს სერიოზული პროცესის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს განახლებული ნებართვების გაცემას იმ ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ამერიკელების მკვლელობებს გეგმავენ.”

მოსალოდნელია, რომ ცოტა ხანში, ამ რეზოლუციაზე კენჭისყრა შეერთებული შტატების სენატში შედგება, სადაც ნებართვის გაუქმებას დემოკრატების ლიდერები მხარს უჭერენ.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ ერაყის ომი თითქმის ათი წლის წინ დამთავრდა და 2002 წელს მიღებული ნებართვა 2021 წელს საჭირო აღარ არის.

თუმცა, ამას რესპუბლიკელთა წინააღმდეგობა დახვდება, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პროცესი ზედმეტად დაჩქარებულად წარიმართა.

სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ საფრთხეები ისეთივე სერიოზულია, როგორც ოდესმე ყოფილა.

“აი ეს აი ეს”-ს [ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს”], “ალ ყაიდას” და სხვა ტერორისტული ჯგუფებისგან მომდინარე სერიოზული საფრთხეები ისეთივე რეალურია, როგორც ოდესმე ყოფილა. ახალი ნებართვების წყებაზე წინასწარ შეთანხმებამდე, სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვის გაუქმება მიგვიყვანს უფრო მეტ გაურკვევლობამდე იმის თაობაზე, თუ მათ რას ვუპირებთ.”

კვირის დასაწყისში, თეთრმა სახლმა ნებართვის გაუქმებას მხარი დაუჭირა, მაგრამ კანონმდებლებს მოუწოდა შეიმუშაონ და მიიღონ ახალი სტრუქტურა, რომელიც შეერთებულ შტატებს თავის დაცვის საშუალებას მისცემს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG