ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი - ვინ არის დამნაშავე?


რესპუბლიკელი კანონმდებლები ერაყში ვითარების გართულებაში ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, თუმცა კრიტიკოსები კონკრეტულ ნაბიჯებზე არაფერს ამბობენ

ბმული

3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ერაყი დატოვა. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთიდან ქვეყანას ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს სახელით სუნიტმა ისლამისტებმა შეუტიეს. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ქვეყნის საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია, მათ შორის რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაიპყრეს და ახლა იერიშით ქვეყნის დედაქალაქს, ბაღდადს ემუქრებიან.

სიტუაცია თანდათან უარესდება. რესპუბლიკელი სენატორის -მიჩ მაკონელის- თქმით, შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ქმედება რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელოს.

„ადმინისტრაციამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა მალიკის (ერაყის პრემიერ-მინისტრი) მთავრობის დახმარება უზრუნველყოს მანამ, სანამ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიერ მიღწეული თითოეული წარმატება წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდება. - ვიდრე ერაყის და ლევონტის ისლამური სახელმწიფო საკუთარ თავშესაფარს კიდევ უფრო გააფართოებდეს, საიდანაც საბოლოო ჯამში საფრთხეს შეერთებულ შტატებსაც შეუქმნის“ - აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი.

მაკონელი, ისევე როგორც კრიტიკით გამოსული სენატორების უმრავლესობა, არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ობამას ადმინისტრაციამ და რა ტიპის საპასუხო ქმედებებზეა საუბარი. მათ რიტორიკაში ახალი არაფერია, ამბობს პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ჯონ მიულერი, რომელიც ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. მას ჩვენ სკაიპის მეშვეობით დავუკავშირდით.

„ისინი ბუნდოვნად იმიტომ საუბრობენ, რომ დანამდვილებით არ იციან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთ-ერთი ალტერნატივა ხელის ბოლომდე ჩაქნევა იქნებოდა. მაგრამ ისე ჩანს, რომ არავის უნდა ამის ხმამაღლა თქმა. ამიტომაც ისეთ პოზიციას იჭერენ, თითქოს რაიმეს გაკეთება სურთ მოვლენების ძალიან რთულად მიმდინარე დინამიკაში, სადაც ამგვარი ქმედება ისედაც მინიმალურ ცვლილებას მოახდენდა“ - აღნიშნავს პროფესორი მიულერი.

რესპუბლიკელი კანონმდებლები დროს არ კარგავენ და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას ერაყიდან ჯარების გაყვანის გამო აკრიტიკებენ. ზოგიერთის აზრით, 2011 წლის შემდეგ იქ მცირე შენაერთები მაინც უნდა დარჩენილიყო.

„პრეზიდენტმა ისე გამოიყვანა მთელი ჩვენი შენაერთები, რომ მოლაპარაკება ეფექტური ძალების იქ დატოვების შესახებ წარმატებით ვერ დაასრულა. ასეთი შენაერთი ადგილზე გაერთიანებული ძალებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას შეძლებდა და ჩვენს პარტნიორებს მართვაში, კონტროლში და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარებოდა“ - აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი მიჩ მაკონელი.

დემოკრატი სენატორები რესპუბლიკელებს ფარისევლობაში ადანაშაულებენ და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ერაყიდან შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაყვანის ვადები ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციამ, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა დააწესა.

დემოკრატი კონგრესმენის, უმრავლესობის ლიდერის -ბრედ შერმანის- განცხადებით, „იმის თქმა, რომ პრეზიდენტ ობამას უნდა შესძლეობდა (ერაყის პრემიერ-მინისტრ) მალიკისთან გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა, როცა ეს პრეზიდენტმა ბუშმაც ვერ მოახერხა, სრულ აბსურდს წარმოადგენს“.

კონგრესმენის ამ მოსაზრებას სენატის უმრავლესობის ლიდერი, სენატორი ჰარი რიდიც ეთანხმება.

„ჩვენი მამაკაცები და ქალები ერაყში აღარ უნდა დავაბრუნოთ. ისინი, ვინც პრეზიდენტ ობამას ჩვენი ჯარების შინ დაბრუნების გამო აკრიტიკებენ, ნამდვილად ცდებიან“ - აცხადებს დემოკრატი სენატორი.

ახალი გამოკითხვებითაც დასტურდება, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ამერიკელი ჯარისკაცების ერაყში გაგზავნა არ სურს. თუმცა, ამის მიუხედავად, რესპუბლიკელები მაინც ამტკიცებენ, რომ ერაყი მსოფლიო არენაზე შეერთებული შტატების დემოკრატთა მართვის პერიოდში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დასუსტების ერთ-ერთ ბოლო დადასტურებაა. ამ არგუმენტაციას პროფესორი მიულერი უპირისპირდება.

„ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრი დიდი დოზით დემოკრატების მხარესაა. პრინციპში, დემოკრატები ასე უნდა მოიქცნენ: კონკრეტული კითხვა დასვან: ახალ ომში ჩართვა გსურთ? რა ზომის ამერიკული ჯარის გაგზავნა გსურთ ახლო აღმოსავლეთში“?- ამბობს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცინერებათა პროფესორი.

ამასობაში ერაყში მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო უარესდება. სუნიტი სამხედრო დაჯგუფებები ქვეყნის დედაქალაქთან ას კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე იმყოფებიან. გენშტაბის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარტინ დემფსიმ სენატის ქვეკომიტეტში განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა ამერიკას საავიაციო იერიშების განხორციელებას სთხოვს. გენერლის შეფასებით, შიიტების წინამძღოლობით ერაყის მთავრობამ ხალხის ნდობა ვერ გაამართლა და ვერ შეძლო სუნიტებთან და ქურთებთან ერთად ერთიანი ხელისუფლება ჩამოეყალიბებინა.
XS
SM
MD
LG