ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი შეერთებული შტატების დახმარებას საჭიროებს


პრეზიდენტ ობამას დახმარების განსახილველი ვარიანტები ჯერ არ დაუკონკრეტებია

თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ ის განიხილავს საკითხს, თუ ამერიკა ერაყს საუკეთესო გზით როგორ დაეხმაროს.

„ერაყს მეტი დახმარება დასჭირდება. მას მეტი დახმარება ჩვენგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან დასჭირდება. ჩემი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმის დასადგენად, თუ როგორ შევძლებთ მათთვის ყველაზე ეფექტური დახმარების გაწევას. მე არაფერს გამოვრიცხავ, რადგან დაინტერესებული ვართ იმის გარანტიის შექმნით, რომ ჯიჰადისტებმა ერაყში, და თუნდაც სირიაში, ფეხი მუდმივად ვერ მოიკიდონ.“

პრეზიდენტს განსახილველი ვარიანტები არ დაუკონკრეტებია.
კაპიტოლიუმის ბორცვზე, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჯონ ბეინერმა, ობამას მთვლემარედ ყოფნაში დასდო ბრალი.

„ისე არ არის, თითქოს გასულ ხუთ ან ექვს თვეში ჩვენ ამ ტერორისტების მოძრაობას არ ვხედავდით, როცა დასავლეთ ერაყზე კონტროლს იღებდნენ ხელში. ახლა ისინი ქალაქ მოსულს აკონტროლებენ. ისინი ბაღდადიდან 100 მილში არიან. პრეზიდენტი ამ დროს რას აკეთებს? ის თვლემს.“

სამხედრო და დაზვერვის ოფიციალური პირების მიერ გამართულ, დახურულ კარს მიღმა გამართული თათბირიდან, ორივე პარტიის წარმომადგენელი სენატორები დაფიქრებული გამომეტყველებით გამოვიდნენ. სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა, რომ ერაყის კრიზისზე პასუხისმგებლობა, პრეზიდენტს და მის გუნდს ეკისრება.

„ვფიქრობ, რომ ეროვნული უსაფრთხოების გუნდში ყველა, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის ჩათვლით, შესაცვლელია. ეს სრული ჩავარდნაა. ჩვენ აქ უბედურების წინაშე ვდგავართ.“

დემოკრატმა სენატორმა ჯო მანჩინმა თქვა, რომ ერაყთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილებების მიღება მართებს, მაგრამ კაპიტოლიუმის ბორცვზე რიტორიკის ტონის შერბილებისკენ მოუწოდა.

„ამჟამად, ამ თემაზე პოლიტიკური თამაშების დრო არ არის. ეს ძალიან საშიშია და მთელს რეგიონს ეხება. მე ყოველთვის ვამბობდი, ფულს ან სამხედრო ძალას მსოფლიოს იმ ნაწილის შეცვლა რომ შეძლებოდა, ჩვენ ეს უკვე გაკეთებული გვექნებოდა.“

მაგრამ რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ვერ შეურიგდება ისეთ სიტუაციას, რასაც მან „უმართავისკენ მიმავალი“ უწოდა.

„ეს ისე გრძელდება, რომ მთელს რეგიონს ნამდვილად ცეცხლის ალში გახვევს.“

მისმა კოლეგამ, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, შეერთებულ შტატებს ისლამისტი სუნიტი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისკენ მოუწოდა. დემოკრატმა კარლ ლევინმა თქვა, რომ მოქმედებებში აჩქარება არ უნდა მოხდეს.

„ნებისმიერ ქმედებამდე, ჩვენ ძალიან, ძალიან ფრთხილი და დაფიქრებული უნდა ვიყოთ და სპონტანურად არ ვიმოქმედოთ, ნაადრევი დასკვნები არ გავაკეთოთ.“

პენტაგონის პრეს-მდივანმა, პოლკოვნიკმა სტივ უორენმა თქვა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო უწყებას ერაყის „სიტუაციის სიმძიმეზე სრული წარმოდგენა აქვს.“

შეერთებულმა შტატებმა, უკანასკნელი სამხედრო ნაწილები ერაყიდან 2011 წელს გამოიყვანა.
XS
SM
MD
LG