ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩება


​ამერიკის სენატი მომავალ კვირას ისტორიულ - დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. სასამართლოს ტიპის მოსმენები სენატში იმის დასადგენად გაიმართება, წააქეზა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მხარდამჭერები 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ. კანონმდებლებმა შესაძლოა დონალდ ტრამპს ფედერალური თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოართვან.

იმავე დარბაზებსა და კედლებში, სადაც რამდენიმე კვირის წინ დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონების გარღვევის შემდეგ შეაღწიეს, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა კანონმდებლებმა 25 იანვარს სენატს იმპიჩმენტის ის მუხლი გადასცეს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ.

6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეთაგან ქვეყნის მასშტაბით 160-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ასობით მოქალაქის საქმეს კი კვლავ იძიებენ. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით ექსტრემიზმის საფრთხე კვლავ მაღალია. სულ ცოტა ხნის წინ კალიფორნიელ მამაკაცს ვაშინგტონში ასაფეთქებელი მოწყობილობების მონტაჟისთვის ბრალი წაუყენეს.

„დონალდ ტრამპი უნდა გასამართლდეს და ბრალი დაედოს იმისთვის, რომ არც ერთმა მომავალმა პრეზიდენტმა აღარ იფიქროს, რომ ამბოხის წაქეზებას „არა უშავს“, - ამბობს ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.

კაპიტოლიუმზე თავდასხმიდან ზუსტად 1 კვირის შემდეგ, დონალდ ტრამპი კვლავ პრეზიდენტი იყო, როცა წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 232 ხმით 197 ხმის წინააღმდეგ მის იმპიჩმენტს მეორედ დაუჭირეს მხარი. ტრამპი 10-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც მიიჩნია დამნაშავედ. მის უარყოფით როლზე ისაუბრა მაშინდელი რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმაც, მიჩ მაკკონელმა.

„ეს ბრბო ტყუილებით იყო გამოკვებილი. მათი პროვოცირება მოხდა პრეზიდენტისა და სხვა გავლენიანი ადამიანების მიერ“, - თქვა მაკკონელმა.

სენატში პრეზიდენტისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ხმათა ორი მესამედია საჭირო. თუკი განაჩენს ყველა დემოკრატი სენატორი დაუჭერს მხარს, ამგავრი შედეგისთვის 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმაც იქნება საჭირო. ამ დროისთვის სენატში იმპიჩმენტის პროცესის გამართვას რესპუბლიკელთაგან მხოლოდ 5-მა სენატორმა დაუჭირა მხარი.

„სენატის რესპუბლიკელი წევრები დონალდ ტრამპის როლზე ფიქრობენ, იქნება ის მონაწილე, თუ საქმის გამფუჭებელი. ისინი ხმას იმის მიხედვით მისცემენ, თუ როგორ მიაჩნიათ, როგორი იქნება რესპუბლიკური პარტიის მომავალი“, - აზულ ჰაქი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან.

დემოკრატები წუხან, რომ რესპუბლიკელთაგან საკმარისი მხარდაჭერა არ ექნებათ, დონალდ ტრამპს ვერ გაამტყუნებენ და სენატის სასამართლო პროცესი კი პრეზიდენტ ბაიდენის პირველი კვირებისგან ყურადღებას იმპიჩმენტზე გადაიტანს.

„დარწმუნებულნი იყავით - სასამართლო გაიმართება, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომლებსაც სრული სიცხადით მთელი ერი და თითოეული ჩვენგანი დაინახავს“, - სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი

ტრამპი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა, მის სამართლებრივ გუნდში არაერთი ცვლილება ვნახეთ. სენატის უბრალო უმრავლესობაა საჭირო იმისთვის, რომ დონალდ ტრამპს სხვა, ნებისმიერი ფედერალური პოსტის დაკავების უფლება ჩამოართვან. თუმცა სენატის მიერ მისი იმპიჩმენტი და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ნაკლებ სავარაუდოა.​

„წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის მიუხედავად, სენატს დამნაშავედ არავინ უცვნია. ასე რომ, ეს მართლაც მრავალი მიზეზით ისტორიული მოვლენაა, განსაკუთრებით კი ბრალდების შინაარსის მხრივ - რომ ამერიკის პრეზიდენტი ყველა სამართლებრივი საშუალების ამოწურვის შემდეგ, ამბოხის წაქეზებით შეეცადა პოსტის შენარჩუნებას“, - ფიქრობს ელეინ კამარკი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი.

დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს, და რომელსაც სენატში მას შემდეგ გაასამართლებენ, რაც პრეზიდენტის პოსტს აღარ იკავებს.

XS
SM
MD
LG