ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ტრამპიზმი“ „კონსერვატიზმის“ წინააღმდეგ: გაიყოფა თუ არა დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის მომავალი 


„ეს უნდა იყოს გზავნილი ყველა რესპუბლიკელისთვის, რომელსაც სურვილი არ აქვს რეალურად იბრძოლოს, ადამიანებისთვის, რომლებმაც არაფერი გააკეთეს, რომ [არჩევნების] მოპარვა შეეჩერებინათ. ამ შეკრებამ მათ მესიჯი უნდა გაუგზავნოს: ეს აღარაა მათი რესპუბლიკური პარტია. ეს დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიაა,“ ამ სიტყვებით მიმართა 6 იანვარს, ვაშინგტონში, ეროვნულ მოლზე შეკრებილ ტრამპის მხარდამჭერ აქციას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა დონალდ უმცროსმა.

მიმართვიდან მალევე აქციის „შეაჩერე მოპარვა“ მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და კონგრესის გაერთიანებული სხდომა დროებით ჩაშალეს. სესიის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირება იყო, რაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე კონსტიტუციით დადგენილი ბოლო სავალდებულო ნაბიჯია.

კაპიტოლიუმზე თავდასხმიდან 2 კვირაში, 19 იანვარს, წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს მისი ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში მეორე იმპიჩმენტი გამოუცხადა. ეს ამერიკის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა, როცა ერთი პრეზიდენტის იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატაში ორჯერ მოხდა. ახლა უკვე იმპიჩმენტის პროცესი, სენატში უნდა წარიმართოს. მოსმენები იქ 8 თებერვლის კვირაში დაიწყება.

იმპიჩმენტი და რესპუბლიკური პარტია

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, შეერთებულ შტატებში, რესპუბლიკურ პარტიაში ერთგვარ იდენტობის კრიზისზე საუბრობენ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რესპუბლიკელი ლიდერები, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტ ტრამპს იშვიათად უპირისპირდებოდნენ. ნაწილობრივ ეს რესპუბლიკელი ამომრჩევლის ნებას უკავშირდებოდა, ნაწილობრივ კი შიშს, რომ მოწინააღმდეგე თანაპარტიელი შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკული „ტვიტის“ სამიზნე გამხდარიყო. ეს წინასაარჩევნოდ არცერთ რესპუბლიკელს, ცხადია, არ სურდა.

თუ მან 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლო, ის, სავარაუდოდ, ხმების 25 პროცენტს მიიღებს
დაგლას ბრინკლი

თუმცა, 6 იანვრის მოვლენები, რომლებსაც წინ არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება უსწრებდა, რესპუბლიკელებისთვის შიდაპარტიული წყალგამყოფი გახდა. ამაზე მოწმობს 13 იანვარს წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის მეორე იმპიჩმენტი „ამბოხის წახალისების“ ბრალდებით. ყველა დემოკრატთან ერთად იმპიჩმენტს მხარი პალატის 211 რესპუბლიკელიდან 10-მა დაუჭირა.

ტრამპი ვაშინგტონიდან ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე წავიდა, მაგრამ ის ქალაქის და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ეტაპზე აქტიურ მონაწილედ რჩება. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ, ასევე დემოკრატების მიერ კონტროლირებულ სენატს, იმპიჩმენტის მუხლები გაუგზავნა და პალატას იმპიჩმენტის სასამართლოს გამართვა მოსთხოვა. ამ სიახლმე მედიაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი ნაბიჯები გადაფარა.

19 იანვარს სენატში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელებს შორის ყველაზე გავლენიანმა, ახლა უკვე უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ 6 იანვარს, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, "ბრბოს ტყუილები უთხრეს. მათი პროვოცირება პრეზიდენტმა და სხვა გავლენიანმა ადამიანებმა მოახდინეს.“ ამით მაკკონელმა მიანიშნა, რომ თითოეულმა სენატორმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა პოზიციას დაიკავებს.

რამდენიმე რესპუბლიკელემა სენატორმა უკვე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ტრამპის ბრალის დადასტურებას, მაგრამ ჯერ უცნობია რამდენი მათგანი განუდგება ყოფილ პრეზიდენტს. ბრალის დასადასტურებლად 50 დემოკრატთან ერთად ტრამპის წინაღმდეგ ხმა, მინიმუმ, 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა მისცეს.

იდენტობის კრიზისი?

იმპიჩმენტის საკითხის მიღმა, რესპუბლიკურ პარტიას ბევრ სხვა კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი. მაგალითად, გააგრძელებს ტრამპისეულ ხედვას, თუ ტრადიციულ რესპუბლიკურ იდეებს დაუბრუნდება? რამდენად მნიშვნელოვანია ტრამპის ფიგურა ამომრჩევლის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად? ვინ არიან რესპუბლიკელების მხარდამჭერები - ადამიანები, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და მათ თანამოაზრეები, თუ ტრადიციული რესპუბლიკელი ამომრჩეველი, რომელიც ექსტრემიზმის ნებისმიერ ფორმას ემიჯნება?

ტრამპს ხმა 74-მა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა. რესპუბლიკელებს ამ ხმების დაკარგვა არ უნდათ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტრამპთან დაშორება სურდეთ
პიტერ ბეიკერი

გასული წლის მიწურულს რესპუბლიკურ პარტიას განხეთქილების ნიშნები უკვე იკვეთებოდა. მაგალითად, რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის 166 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, პარტიული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო წელს პარტიას ყოველთვის საარჩევნო პლატფორმის პრიორიტეტებს სთავაზობს, ამჯერად მხოლოდ პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადებით შემოიფარგლა და მის საარჩევნო კამპანიას სტრატეგია არ შესთავაზა.

დონალდ ტრამპის გეგმები

პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, საკუთარ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ „მინდა იცოდეთ, რომ მოძრაობა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ დასაწყისია“ და დასძინა: “უბრალოდ მინდოდა მეთქვა ნახვამდის, მაგრამ იმედია ეს არ არის გრძელვადიანი ნახვამდის. ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით.“

ამ დროისთვის უცნობია რას გეგმავს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი. თუ სენატი იმპიჩმენტის სასამართლოს შემდეგ მას „ამბოხის წაქეზებაში“ ბრალს დაუმტკიცებს, ტრამპს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება. ტრამპმა კი არაერთხელ მიანიშნა, რომ ამას გეგმავს.

მესამე პარტია?

დონალდ ტრამპის 4 წელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:14 0:00

მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ ვერა დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გახდეს საპრეზიდენტო კანდიდატი, პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მან შესაძლოა ამერიკაში მესამე პარტია დააარსოს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს რესპუბლიკელებისთვის დამანგრეველი დარტყმა იქნება, რადგან მესამე პარტია ტრამპის მხარდამჭერ რესპუბლიკელებს ტრადიციულ რესპუბლიკელებთან დააპირისპირებს და პარტიას გაყოფს. რაც რესპუბლიკელებს დიდი რაოდენობის ხმებს დააკარგვინებს.

ახალი პარტიის დაარსების მცდელობა წარსულშიც გვინახავს. თეოდორ რუზველტმა პრეზიდენტობის შემდეგ, 1912 წელს სცადა მესამე პარტიის შექმნა „ბულ მუსის მოძრაობის“ სახელწოდებით. მოძრაობამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პრეზიდენტმა მილარდ ფილმორმა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, 1850 წელს მესამე პარტია „იცოდე არაფერი" შექმნა. ეს ძალისხმევაც წარუმატებლად დამთავრდა. მოკლევადიანი იყო ასევე 1995 წელს მილიარდერი ბიზნესმენის როს პეროს „რეფორმის პარტიის“ ისტორიაც.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი საკუთარ მრჩევლებთან უკვე საუბრობს „პატრიოტების პარტიის“ დაარსებაზე.

„დონალდ ტრამპმა თითქმის 75 მილიონი ადამიანის ხმა მიიღო. ეს ამომრჩევლის დიდძალი რაოდენობაა. მას ძალიან ერთგული მიმდევრები ჰყავს,“ ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ისტორიკოსი დაგლას ბრინკლი. „თუ მან 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლო, ის, სავარაუდოდ, ხმების 25 პროცენტს მიიღებს,“ ამბობს ის.

როს პერო რესპუბლიკელი იყო, რომელმაც 1992 წელს არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღო. მან არჩევნებში ხმების 19 პროცენტი, ძირითადად, რესპუბლიკელთა ხმები მოიპოვა. შედეგად, ჯორჯ ბუშ უმცროსმა ბილ კლინტონთან არჩევნები წააგო.

„უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რას ფიქრობს რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპზე. უნდა დაველოდოთ იმას, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს. რესპუბლიკელები ორად იყოფიან - მიჩ მაკკონელის და დონალდ ტრამპის რესპუბლიკელებად,“ ამბობს ბრინკლი. მისი თქმით, „ტრამპი არის ძალა, რომელსაც რესპუბლიკელებმა თვალი უნდა გაუსწორონ. ტრამპიზმი არსად აპირებს წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან წავიდა.“

ვერც ერთმა ძალამ ამერიკაში წარმატებული ახალი პარტია ვერ შექმნა. „არ ვიცით სინამდვილეში შეძლებს თუ არა ამას ტრამპი, მაგრამ თუ ეს პარტია შეიქმნა, ეს რესპუბლიკელებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება,“ ამბობს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტი და მწერალი პიტერ ბეიკერი.

ბეიკერი რესპუბლუკური პარტიის წინაშე არსებულ დილემაზე საუბრობს.

„სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა სცადა პარტიასა და პრეზიდენტ ტრამპს შორის დისტანცირება მოეხდინა. მან ფაქტობრივად თქვა, რომ ნახეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ პარტია, რომელშიც ასეთი ექსტრემისტული ძალები იქნება გაერთიანებულიო. მაგრამ, ტრამპს ხმა 74-მა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა. რესპუბლიკელებს ამ ხმების დაკარგვა არ უნდათ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტრამპთან დაშორება სურდეთ.“

პრეზიდენტი ტრამპის ვადა ბევრი მხრივ იყო ისტორიული. თვითონ ის ფაქტი, რომ სენატში პრეზიდენტს იმპიჩმენტის ბრალდებით გაასამართლებენ მაშინ, როცა ის უკვე ყოფილი პრეზიდენტი და რიგითი მოქალაქეა, საკითხის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვებს წარმოქმნის.

„აქ არგუმენტი ისაა, რომ მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმაში საკუთარი როლის გამო. ცხადია, მას თანამდებობიდან უკვე ვერ მოხსნიან, რადგან ის პრეზიდენტი აღარ არის. თუმცა, ბრალის დადასტურებას მეორადი ჯარიმა მოჰყვება, რაც იქნება ფედერალური სამსახურისგან მისი სამუდამოდ დისკვალიფიკაცია," ამბობს ბეიკერი.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი მონაწილეობას ვერ შეძლებს. ბეიკერს მიაჩნია, რომ ამის გარდა, "სენატის მიერ მისი დამნაშავედ აღიარება ისტორიის წინაშე გაკეთებული განცხადება იქნება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დემოკრატიის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.“

სენატში ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლო პროცესი ორ კვირაში დაიწყება. პროცესის ნათელს მოჰფენს რამდენად ზუსტია ტრამპის მოკავშირეების განაცხადი იმაზე, რომ დღეს რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპის პარტიაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG