ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

116-ე კონგრესის ვადის მიწურულს, 2000 დოლარიან დახმარებაზე დებატები გრძელდება


ამერიკის სენატი ოთხშაბათს კენჭისყრას ჩაატარებს, რომლითაც შეეცდება, თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვეტო გადალახოს.

ტრამპი ცდილობს ზეწოლა გაზარდოს მისი პარტიის წევრებზე, რათა მის ვეტოს მხარი დაუჭირონ. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო იმ მიზეზით დაადო, რომ ის არ აუქმებს დაცვის მექანიზმებს ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, რომელიც შეეხება მათ პასუხისმგებლობას პლატფორმაზე განთავსებულ კონტენტზე. პრეზიდენტი ასევე ითხოვს ამერიკელებისათვის ერთჯერადი 2000 დოლარის დახმარების გაცემას, კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესამცირებლად.

„2000 დოლარი სასწრაფოდ“, - დაწერა ოთხშაბათს დილით პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.

პრეზიდენტმა წინა დღეს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები მოიხსენია, როგორც „პათეთიკური“ და პარტიის მისამართით თქვა, რომ თუ ისინი ამერიკელებისთვის ერთჯერადი დახმარების გაზრდას მხარს არ დაუჭერენ, ეს პარტიისთვის "სასიკვდილო" იქნება.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა, ერთჯერად დახმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სწრაფი კენჭისყრა დაბლოკა. მან ასევე მოუწოდა კანონმდებლებს, ხმა მისცენ თავდაცვის კანონპროექტზე ვეტოს გადალახვას. წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტის ვეტო ორშაბათს გადალახა.

მიჩ მაკკონელი
მიჩ მაკკონელი

სენატი კენჭისყრას ოთხშაბათს საღამოს ჩაატარებს. საბოლოოდ კონგრესმა შესაძლოა ვეტოს გადალახვა ამ კვირის ბოლოს დაასრულოს.

მაკკონელმა სამშაბათ საღამოს, 2000 დოლარის ერთჯერადი დახმარების კანონპროექტი წარადგინა, სადაც ასევე გათვალისწინებულია სოციალური მედიის კომპანიებისთვის საკანონმდებლო დაცვის მოხსნა და არჩევნების უსაფრთხოების საკითხის შესწავლა, რაც პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ტრამპი დღემდე აცხადებს, რომ არჩევნები მისი კანდიდატურის საწინააღმდეგოდ გაყალბდა.

სენატს მოქმედებისთვის ბევრი დრო არ დარჩა. 3 იანვარს ამ, 116-ე კონგრესის უფლებამოსილება სრულდება. იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატები მხარს არ უჭერენ მაკკონელის დანარჩენ ორ მოთხოვნას, ეს კანონპროექტი ჩავარდნისთვისაა განწირული.

პარალელურად, წარმომადგენელთა პალატამ ცალკე კანონპროექტი მიიღო, რომელიც მხოლოდ 2000 დოლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარების გაცემას ითვალისწინებს პანდემიით დაზარალებული ამერიკელებისთვის. ამ კანონპროექტის ბედი ამ დღეებში გახდება ცნობილი.

იზრდება იმ რესპუბლიკელი სენატორების რაოდენობა, რომლებიც ამ დახმარებას უჭერენ მხარს. მათ შორის არიან, დევიდ პერდიუ და კელი ლოეფლერი, რომლებიც ჯორჯიაში, სენატის მანდატისთვის იბრძვიან არჩევნების მეორე ტურში. ამ შეჯიბრის შედეგები განაპირობებს იმას, შეინარჩუნებს თუ არა რესპუბლიკური პარტია სენატზე კონტროლს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG