ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლად ნატურალიზებული ამერიკელები იმიგრაციაზე საუბრობენ


ახლად ნატურალიზებული ამერიკელები იმიგრაციაზე საუბრობენ
ახლად ნატურალიზებული ამერიკელები იმიგრაციაზე საუბრობენ

ახლად ნატურალიზებული ამერიკელი მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ შეერთებული შტატების საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

გასულ ხუთშაბათს ნიუ იორკში ამერიკის მოქალაქეობის ფიცი 47 ქვეყნიდან ჩამოსულმა იმიგრანტმა დადო. ამ ახლად ნატურალიზებული ამერიკელი მოქალაქეების შეხედულებები ისეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევა როგორც მათი წარმოშობა და მშობლიური ქვეყნები. ამერიკის ხმამ აღმოაჩნია, რომ ამერიკის ახალ მოქალაქეებს შორის შეერთებული შტატების საიმიგრაციო პრობლემების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.

გასულ ხუთშაბათს მანჰეტენის ერთ-ერთ აუდიტორიაში გამართულ ცერემონიას ხალხი სიხარულისა და ზეიმის გრძნობით მიეგება. მოსამართლემ რობერტ ალენ კაცმანმა 125 ახალ ამერიკელთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ამერიკის ერთგულების ფიცი წაიკითხა.

აუდიტორიაში მყოფი ხალხის მრავალფეროვნება დამსწრეთა დამოკიდებულებაში, ზოგადად იმიგრანტების და განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფი პირების მიმართ აისახა. ტრინიდადელი სანდრა მილერი სახელმწიფო საზღვრებზე მკაცრი კონტროლის დაწესების მომხრეა. მისი თქმით:

„სულ უფრო ბევრი იმიგრანტი აქ არალეგალურად ჩამოდის ნაცვლად იმისა, რომ სისტემაში კანონიერი მეთოდებით შეაღწიოს როგორც ეს მე გავაკეთე. მე მიმაჩნია, რომ უსამართლობაა, როცა ერთის მხრივ აქ ბევრი არალეგალურად მყოფი იმიგრანტია, ხოლო მე კი ჯერ იმიგრანტისა და ახლა კი მოქალაქის სტატუსის მისაღწევად ძალზედ დიდი ძალ-ღონე დავხარჯე. ამდენად მე ვფიქრობ, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს.“

წარმოშობით იამაიკელი ივონ მალკოლმი არიზონას შტატში მიღებულ ახალ საიმიგრაციო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. როგორც ცნობილია, არიზონა ქვეყნის სამხრეთდასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მექსიკას ესაზღვრება. არიზონას შტატში მიღებული კანონის მიხედვით პოლიციას დაევალა პირადობის დამადსტურებელი საბუთების შემოწმება ყველა იმ პირისა, რომელიც შეიძლება ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდეს. ამასთან დაკავშირებით ივონ მალკოლმა აღნიშნა:

„ხალხს არ უნდა უხდებოდეს საბუთებით სიარული. ადამიანთა დისკრიმინაცია კანის ფერის გამო დაუშვებელია.“

ახალად ნატურალიზებული ამერიკელი იტალიიდან მარია ფრანჩესკა ნაისპოლი კი აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის მიღწევის გზები ერთმანეთისგან განსხვავდება. მისი გზა დაიწყო მაშინ, როცა იგი კოლუმბიის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტის სტატუსით მიიღეს. ნაისპოლი დასძენს:

„იმ ხალხისთვის, რომლებიც აქ ასპირანტურაში სწავლის გაგრძელებისთვის არ ჩამოსულა, მოქალაქეობის მიღწევის სხვა მეთოდები უნდა არსებობდეს რათა მათ არ მოუხდეთ არალეგალურ სტატუსზე გადასვლა. მე არ მგონია, რომ ვინმემ შეგნებულად აირჩიოს არალეგალის სტატუსი. ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში ბევრი არალეგალურად მყოფი იმიგრანტია. რას აკეთებენ ისინი? როგორ შეიძლება მათთვის ლეგალური სტატუსის მინიჭება დაშინების გარეშე?“

ამასობაში პოლიტიკური ფიგურებისა და ამერიკელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მართალია საიმიგრაციო სისტემის რეფორმის დრო მომწიფდა, ამერიკის მოქალაქობის მიღწევა კვლავინდებურად ძალზედ სანატრელია ბევრისთვის. მიმდინარე საბიუჯეტო წლის პირველ ნახევარში შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურმა ამერიკის მოქალაქეობის 334,000 თხოვნა მიიღო და მათ შორის 287,000 დაკმაყოფილდა.

XS
SM
MD
LG