ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან კავშირისთვის 3 პირს ბრალი წარედგინა, ერთს ჯაშუშობაში ედება ბრალი


ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა სამ ადამიანს წაუყენა ბრალი, რომლებიც დაკავშირებულები არიან ამერიკული ვალუტის (დოლარის) გადარიცხვაში ამერიკიდან ირანის მიმართულებით, უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისთვის.

ესენი არიან: მუზამილ ზაიდი (ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მცხოვრები ირანში), ასიმ ნაკვი (ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მცხოვრები ჰიუსტონში, აშშ) და პაკისტანის მოქალაქე ალი ჩევლა (მცხოვრები ირანში). მათ ბრალი ედებათ საგანგებო საერთაშორისო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის დარღვევაში.

ფედერალური კანონი შეერთებულმა შტატებმა 1977 წელს მიიღო. ის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან ეკონომიკისთვის განსაკუთრებული საგარეო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ამერიკის მთავრობას ტრანზაქციების გაყინვის, ადამიანების დაკავების, ქონების დაყადაღების, თუ სხვა სამართლებრივი ქმედების საგანგებო უფლებამოსილებას ანიჭებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ირანისკენ მიმართულ ტრანზაქციაში ბრალდებულებს, ახლო კავშირი აქვთ ირანის რევოლუციურ გვარდიასთან. "ამ ტერორისტული ოპერაციის მთავარი ნაწილი ნაღდი ფულია, ბრალდებულებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი თანხის გადარიცხვაში და ადრესატამდე მიტანაში," - ამბობს მაიკ შერვინი, კოლუმბიის ოლქის პროკურორი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ირწმუნება, რომ ეს ადამიანები ორგანიზებული ტერორისტული ჯგუფის "ისლამური პულსის" წევრები არიან. მათ აიათოლა ალი ხამენეისგან მიიღეს ნებართვა, რომ შეეგროვებინათ ე.წ. რელიგიური გადასახადი ხამენეის სახელით, შემდეგ კი მათ თანხა უნდა გადაეგზავნათ იემენში.

ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც შტატებმა 2019 წელს ხამენეის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმიანობა მაინც განაგრძო და ისინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან თანხას ირანში აგზავნიდნენ. გზავნილებს ისეთი ფორმით ახორციელებდნენ, რომ თავიდან აერიდებინათ თანხის გადარიცხვის მნიშვნელობაზე შეტყობინების დაწერა.

დაკავებულთაგან ერთს, ზაიდს ბრალად ჯაშუშობა ედება. ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ ის ირანის ჯაშუშია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG