ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენია აშშ-ს ეროვნული დავალიანება?


რამდენია აშშ-ს ეროვნული დავალიანება?
რამდენია აშშ-ს ეროვნული დავალიანება?

სამშაბათს ჩრდილოეთ ვირჯინიაში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყურადღება შეერთებული შტატების მზარდი ეროვნული დავალიანების შემცირებასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე გაამახვილა. პრეზიდენტის თქმით, თუ ამერიკელი კანონმდებლები ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას არ მიაღწევენ, ეს სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს გამოიწვევს. მან იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში ორი პოლიტიკური პარტია დანახარჯების სფეროში საერთო პრიორიტეტებზე შეთანხმდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე „სტანდარდ ენდ პურის“ საერთაშორისო ფინანსურმა საკრედიტო სააგენტომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების რეიტინგს დააქვეითებს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი კანონმდებლები ქვეყნის დავალიანების შემცირებასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ მიაღწევენ, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა.

მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს იმას მოაგვარებს თუ არა საკუთარ ფინანსურ პრობლემებს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. პრეზიდენტი ობამა თავის გზავნილში ხაზს უსვამს იმას, რომ დაგროვილი ფინანსური პრობლემების გადაჭრა საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიამ იდეოლოგიური განსხვავებები უნდა დაივიწყონ რათა ქვეყნის მზარდი დეფიციტის პრობლემა მოგვარდეს.

„დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთმანეთს ეთანხმებიან, რომ დეფიციტი უნდა შემცირდეს. არსებითად შეინიშნება ზოგადი ურთიერთშეთანხმება, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში დანახარჯები დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარით უნდა შემცირდეს. ხოლო როცა ვაშინგტონში ხალხი რაიმე საკითხზე თანხმდება, ეს თავის თავად უკვე კარგი ნიშანია,“ განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად შეერთებული შტატების ეროვნული დავალიანება 14 ტრილიონ დოლარს აღწევს, ბევრი მიმომხილველი ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. ორშაბათს საერთაშორისო ფინანსურმა საკრედიტო სააგენტო „სტანდარდ ენდ პურმა“ შეერთებული შტატების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი სტაბილურიდან უარყოფითზე გადაიყვანა, რამაც შეერთებული შტატებისა და ევროპის საფონდო ბირჟებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. დევიდ ბირსი ხსენებულ საკრედიტო სააგენტოში გლობალური მასშტაბით ქვეყნების სუვერენული რეიტინგების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

„ნეგატიური პროგნოზის მიზეზი გახლავთ ის, რომ მზარდი სახელმწიფო დავალიანების ფონზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმის ალბათობა, რომ კონგრესი ან ადმინისტრაცია მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე ან თუნდაც მომავალი წლის არჩევნებამდე შეთანხმებას მიაღწევს, დაბალია,“ აღნიშნავს დევიდ ბირსი.

რესპუბლიკელებს შემდეგი ათი წლის მანძილზე სახელმწიფო დანახარჯების 6 ტრილიონი დოლარით შემცირება სურთ. რესპუბლიკელების მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მნიშვნელოვან შეკვეცას ითვალისწინებს. ამის საპირისპიროდ, ბატონ ობამას გეგმა დანახარჯების შემცირებასა და მდიდრებზე დაწესებული გადასახადების გაზრდას ისახავს მიზნად.

განსხვავებების მიუხედავად, თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯეი კარნიმ აღნიშნა, რომ ორივე მხარე ამ სასიცოცხლო ეროვნული მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწევს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური პროცესები ‘სტანდარდ ენდ პურის’ მოლოდინს გადააჭარბებს. როგორც პრეზიდენტმა ოთხშაბათს განაცხადა, მას სურს, რომ ორპარტიული მოლაპარაკებების საფუძველზე ფისკალური რეფორმის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით მხარეებმა საერთო ენა გამონახონ,“ აღნიშნა თეთრი სახლის პრეს მდივანმა.

წინასწარი შეფასებების თანახმად, წელს შეერთებული შტატების მთავრობის საბიუჯეტო დეფიციტი რეკორდულ 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც ამერიკელი კანონმდებლებისგან ეროვნული დავალიანების ზღვარის გაზრდას მოითხოვს. იმ შემთხვევაში თუ დეფიციტის შემცირებასთან დაკავშირებული გეგმა არ შემუშავდა, საკრედიტო კომპანია „სტანდარდ ენდ პური“ იმუქრება, რომ შეერთებული შტატები ორ წელიწადში მაღალ რეიტინგს დაკარგავს.

XS
SM
MD
LG