ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსური უთანხმოება გრძელდება


თუკი, მთავრობა დამატებით სესხს ვერ აიღებს, ეს უახლოეს თვეებში ფინანსების შემცირებას გამოიწვევს

შეერთებულ შტატებში ახალი წლის დადგომასთან ერთად ახალი კონგრესიც შეიკრიბა. თუმცა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დაძაბულობა გრძელდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიც ქვეყნის ეროვნული დავალიანებაა. კვირას სატელევიზიო ეთერში, რესპუბლიკელმა სენატორს და უმცირესობის ლიდერს მიჩ მაკონელს დაუსვეს შეკითხვა, დაუჭერს თუ არა რესპუბლიკური პარტია მხარს ფედერალური მთავრობის სესხის ლიმიტის გაზრდას დანახარჯების შემცირების სანაცვლოდ.

„მსურს განვაცხადო, რომ თუკი პრეზიდენტი არ დაიწყებს მასობრივი დანახარჯების შეკვეცას, მაშინ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს. ერთერთი ასეთი ბერკეტი ფედერალური ვალის ლიმიტია,“ - განაცხადა მაკონელმა.

თუკი, მთავრობა დამატებით სესხს ვერ აიღებს, ეს უახლოეს თვეებში ფინანსების შემცირებას გამოიწვევს, რაც ამერიკის კრედიტუნარიანობის მიმართ გლობალურ ნდობას შეარყევს.
წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ სესხის ლიმიტის გაზრდა საჭიროა იმ დანახარჯების დასაფარად, რაც კონგრესმა უკვე დაამტკიცა.

„ამჯერად ჩვენ გვიწევს ახალი ანგარიშების გადახდა. თუკი, თქვენ გსურთ დანახარჯების შემცირება მომავალში, ეს მისაღებია, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ არ იხდით წინა დავალიანებას,“ - განაცხადა პელოსიმ.

დემოკრატები აცხადებენ, რომ მათ უკვე დაუჭირეს მხარი ფედერალური დანახარჯების ერთი ტრილიონი დოლარით შემცირებას. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მზადაა განახორციელოს ღირებული პროგრამების რეფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის რეფორმას და პენსიონერებისთვის შეღავათებს.

გასულ კვირას კონგრესმა თავიდან აირიდა დანახარჯების ავტომატური შეკვეცა და გადასახადების გაზრდა, რომელიც ე.წ. ფისკალური უფსკრულის სახელით იყო ცნობილი. თუმცა, მაღალი გადასახადები დაუწესდათ იმ ამერიკელებს რომელთა შემოსავლები წელიწადში 450 ათას დოლარს აღემატება. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, დანახარჯების შეკვეცა და დამატებითი შემოსავლების მიღება ერთობლივად უნდა განხორციელდეს, რათა შემცირდეს ფედერალური დეფიციტი, რომელიც ტრილიონობით დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG