ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვიკილიკსის“ სკანდალის ამერიკული გაგრძელება


„ვიკილიკსის“ სკანდალის ამერიკული გაგრძელება

ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაში ეჭვმიტანილმა -ბრედლი მენინგმა- საკუთარი დაბადების დღე სამხედრო ტრიბუნალის სპეციალურ მოსმენებზე გაატარა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით 2009-2010 წლებში ერაყში მსახურობის პერიოდში ის კომპიუტერიდან ასობით ათას საიდუმლო დოკუმენტს ტვირთავდა და შემდეგ „ვიკილიკსს“ გადასცემდა.

გასულ წელს „ვიკილიკსის“ ვებ-გვერდზე დოკუმენტების გამოჩენას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. მასალებს შორის იყო ამერიკის უმაღლესი დიპლომატიური პირების მიმოწერა, რომლებშიც ისინი მსოფლიოს ლიდერებს ყოველგვარი შელამაზების გარეშე საკმაოდ უკმეხად მოიხსენიებდნენ.

ბრედლი მენინგის ადვოკატების განცხადებით მათი მთავარი სამუშაო სტრატეგია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ საიდუმლო ინფორმაციის უმეტესი ნაწილი შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ერთ-ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც მენინგს გასამართლება ემუქრება, სახელმწოფო მტრისთვის ხელშეწყობაა. სამხედრო ტრიბუნალზე დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 24 წლის ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა ელის.

რიგითი ამერიკელების დამოკიდებულება სპეციალური მოსმენების მიმართ არაერთგვაროვანია. მენინგს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც კი თაყვანისმცემლები გამოუჩნდა. შაბათს, ჯარისკაცის დაბადების დღეზე, მერილენდის შტატში მდებარე ფორტ მეიდის სამხედრო ბაზის ჭიშკართან ასეულობით მხარდამჭერმა მანქანებით და სიგნალებით ჩაიარა. თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვინც ჩამოწეული ფანჯრებიდან ყვიროდა, რომ მენინგი სამშობლოს გამყიდველი იყო.

„თუკი ადამიანს იმ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რომლის ცოდნასაც ხალხი იმსახურებს და ამ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, მე ის გმირად მიმაჩნია. ბრედლი მენინგის მოტივაცია ჩვენ ჯერ დანამდვილებით არ ვიცით. მაგრამ იმის მიხედვით, რა ბრალდებასაც მას უყენებენ, ყველა აქ მოსულისთვის ის უკვე გმირია“ - აცხადებს არმიის ვეტერანი ელენ ბარფილდი.

მენინგის მხარდამჭერების განცხადებით გაჟონილი ინფორმაციის ნაწილმა ახლო აღმოსავლეთში ე.წ. „არაბული გაზაფხული“ და მოგვიანებით ნიუ იორკში დაწყებული „დაიკავე უოლსტრიტის“ საერთაშორისო მოძრაობებიც კი შთააგონა.

საპროტესტო მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჯეფ პატერსონი, თვლის, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრედლი მენინგი ვიხსნათ. მის დაცვას იმით დავეხმარებით, რომ საზოგადოებრივი აზრის და განწყობების შეცვლაზე ვიმუშავებთ. ამით ამერიკაში და მთელს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებასაც შევუწყობთ ხელს“ - ამბობს ის.

მენინგი უკვე 19 თვეა პატიმრობაში იმყოფება. კვირის ბოლოს მისი სასამართლო დარბაზში გამოჩენის კადრები ამერიკის თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გადასცა. სამხედრო ბაზაზე სპეციალური მოსმენები პარასკევს დაიწყო და სავარაუდოდ ერთი კვირა გაგრძელდება.

ბრალეულობის განხილვა რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მოპარვით დაწყებული, მტრისთვის ხელშეწყობით დამთავრებული. საქმე იმაშია, რომ ოფიციალური ინფორმაციით იმ საიდუმლო დოკუმენტებს შორის, რომელიც მენინგის ხელშეწყობით გავრცელდა, ერაყში და ავღანეთში მიმდინარე ომის მნიშვნელოვანი მონაცემებიც იყო.

შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით გამოქვეყნებული ინფორმაციიის გამო ქვეყნის სამხედრო და დიპლომატიური წყაროები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამას გარდა მნიშვნელოვნად დაიძაბა ამერიკის ურთიერთობები სხვა ქვეყნის მთავრობებთან.

თეთრი სახლის და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, მიერ გაკეთებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული მასალები ელემენტარულად ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საშიშროებას და საფრთხეში აგდებს ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასაც.

ცხოვრება იმ ეპოქაში გვიწევს, როდესაც ინტერნეტზე უზარმაზარი ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და დავიცვათ გაჟონვისგან ინფორმაცია, რომელიც ადამიანების და ურთიერთობების უსაფრთხოებას ემუქრება“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

სამხედრო პროკურატურა თვლის, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო მენინგს სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის. მედიაში გაჩნდა სპეკულირება იმის შესახებ, რომ სამხედრო ტრიბუნალი სანიმუშო სასამართლო პროცესს მოაწყობს. ასე რომ კარგ ამბად ჯერჯერობით მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ არავინ საუბრობს სახელმწიფო ღალატის და სასიკვდილო განაჩენის შესახებ.

XS
SM
MD
LG