ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ და საქართველომ 5G ქსელის უსაფრთხოების შესახებ მოემორანდუმს მოაწერეს ხელი


საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის - უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში შედგა და მას ხელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში კით კრაჩმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოაწერეს.

"ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრაჩმა თქვა, რომ 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა "ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს" და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს.

საქართველო ამერიკის არჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ
კით კრაჩი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

"როცა ეს კომპანიები საკუთარ ქსელებს აფართოებენ და როცა ისინი ახალ ქვეყნებში შედიან, მათ სურთ ჰქონდეთ სანდოობის მაღალი ხარისხი. 5G ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერად განწყობილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ადვილად მოიპარონ, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება. ამის გამო, ბევრი კომპანია თავს იკავებს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობისგან, სადაც მეხუთე თაობის ინტერნეტს არ ენდობიან," თქვა კით კრაჩმა.

კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ერთად, კრაჩი DFC-ის თავმჯდომარეცაა. მისი თქმით, "საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნას განვიხილავთ. ეს ასევე ძალიან ძლიერი სიგნალია ინვესტორებისთვის. საქართველო ამერიკის არჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ.“

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე მგრძნობიარე მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას.
მორგან ორტეგუსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

მემორანდუმის განხორციელების პროცესში შემდეგ საფეხურებზე საუბრისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ „ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ამისთვის, მე ყოველთვის ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი. ეს უნდა იყოს მრავალ-სექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას.“

მემორანდუმზე ხელმოწერის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადებები. დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა „ტვიტერზე“ დაწერა:

„აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე მგრძნობიარე მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას. ეს ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს და კარს უხსნის კერძო სექტორში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადებას.“

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა, „ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ასევე აღიარებენ, რომ 5G მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რომელიც ინოვაციებსა და ეფექტურობას შეუწყობს ხელს. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა სამართლიანი კონკურენცია უნდა უზრუნველყოს.“

მემორანდუმი ითვალისწინებს 5G ისეთი აპლიკაციების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდებას, მოქალაქეებისა და კომპანიების უფლებების დაცვას, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნას.

საქართველოსა და ამერიკას შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო ეგრეთწოდებულ „სუფთა ქსელს“ (Clean Network) შეუერთდა, რომელშიც ნატოს და ევროკავშირის წევრებიც შედიან. ამ ნაბიჯით, საქართველო ნატოს ინტერნეტ უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ალიანსთან და ევროკავშირთან ამ თვალსაზრისით თავსებადობა ექნება.

მემორანდუმის დეტალებზე „ამერიკის ხმა“ შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კით კრაჩთან, რომელიც ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებს კურირებს. ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 5:30-ზე გადაცემაში „ხედვა ვაშინტონიდან“, „ტვ პირველის“ ეთერში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG