ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ელჩი 26 ჯგუფთან ერთად აკვირდებოდა არჩევნებს


კელი დეგნანი, მარჯვნივ

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საელჩოს 26 ჯგუფთან ერთად აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს. ელჩი დეგნანი დააკვირდა ხმის მიცემის პროცესს პირველ და ოცდამეთვრამეტე საარჩევნო უბნებზე, სადაც მოქალაქეებს, საარჩევნო უბანზე მომუშავეებსა და მოხალისეებს ესაუბრა.

შეერთებული შტატების ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ. „სასიამოვნო იყო რუსთავში საქართველოს მოქალაქეების ხილვა, რომლებიც თავიანთ პატრიოტულ მოვალეობას მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ასრულებენ. ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიისადმი ერთგულება ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს” - განაცხადა მან.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო უბნები თბილისის დროით დაიხურა 20:00 საათზე. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, საარჩევნო პროცესი უბნების უმრავლეს ნაწილში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ამასთან ერთად, რიგ მუნიციპალიტეტში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის.

საარჩევნო დარღვევების თაობაზე იტყობინებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მმართველი პარტია კი დარწმუნებულია, რომ არჩევნები წესებისა და პროცედურების დაცვით წარიმართა, ხოლო ოპოზიცია პროვოკაციებით იყო დაკავებული.

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართა. მეორე ტურისთვის 1830 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლებს მოემსახურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე 29 სპეციალური უბანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG