ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ლიბიელი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს


შეერთებული შტატები ლიბიელი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას აგრძელებს. კონფლიქტის შემდეგ გაწეული ჰუმანიტარული დახმარება უკვე 53.5 მილიონ დოლარს აღწევს.

26 აპრილს ლიბიიდან ლტოლვილი მოსახლეობის რაოდენობამ 600 ათასი შეადგინა. მათი უმრავლესობა უცხოეთის მოქალაქეა, რომელიც ლიბიაში მსახურებდა. თუმცა არიან თავად ლიბიელებიც, რომელთაც უსაფრთხოების გარანტიები დაკარგეს და აგრეთვე კონფლიქტური ზონებიდან ლტოლვილი სუდანის და ერითრიის მოსახლეობა, რომელთაც თავის დროზე თავშესაფარი ლიბიაში მიიღეს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ზომით აქამდე უპრეცენდენტო საჰაერო ჰუმანიტარული დახმარება განახორციელეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწემ, რუბენ ბრიჯეთიმ, განაცხადა, რომ 25 აპრილისთვის ლიბიიდან 117 ათასი ადამიანი გადმოაფრინეს ისეთ შორეულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ბანგლადეში ან ვიეტნამი.

„ლიბიაში ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის ხაზით უკანასკნელ ხანს რამდენიმე ცვლილება მოხდა, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. თუმცა, უსაფრთხოების გამო მდგომარეობა ზოგადად მაინც რთულია“, აღნიშნავს მარკ ბარტოლინი, ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს უცხოეთის კატასტროფების დახმარების დირექტორი.

ბატონი ბარტოლინის განცხადებით ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტო და მისი პარტნიორები, რომელთა შორისაა მსოფლიოს სასურსათო პროგრამა, წითელი ჯვარი და სხვა მრავალი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია, რეგიონს საკვებს და სხვა სახის მარაგს აწვდიან. ისინი ცდილობენ უფრო მეტად მიწვდნენ ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, განსაკუთრებით კი საპორტო ქალაქ მისრატას, სადაც კონფლიქტური რეგიონის ყველაზე ინტენსიური ბრძოლები იმართება.

„ვიცით, რომ მისრატა სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ქირურგები გადაღლილნი არიან და ჩვენ ვცდილობთ ისინი ჩავანაცვლოთ ხოლმე. რა თქმა უნდა მარაგის შევსებასაც შეძლებისდაგვარად ვაგრძელებთ“ - აღნიშნავს ბატონი ბარტოლინი.

რაც შეეხება სურსათით მომარაგებას, შეერთებულმა შტატებმა დიდი მოცულობის საკვები პროდუქტი გადაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციას - მსოფლიო სასურსათო პროგრამა. 560 ტონა მცენარეული ზეთი და 270 ტონა ლობიო უკვე ჩავიდა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში. ეს მხოლოდ დასაწყისია და 600 ათას ადამიანზე გათვლილი დახმარება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

„არსებობს მოსაზრება, რომ ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტის შემდგომი გამწვავების შემთხვევაში რეგიონს შეფერხებებით მიეწოდება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რამდენიმე თვის მარაგით ისინი წინასწარ უზრუნველვყოთ, რათა შესაძლო პრობლემები თავიდან ავიცილოთ“ - ამბობს ბარტოლინი.

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს კონფლიქტის ზონაში მოხვედრილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გამო და ლიბიის შიგნით სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების სრულ ხელმისაწვდომობას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG