ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის რეჟიმი ნელ-ნელა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა


ირანის რეჟიმი ნელ-ნელა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა
ირანის რეჟიმი ნელ-ნელა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა

ამერიკელი სენატორები ლათინური ამერიკის ქვეყნებს ურჩევენ უარი თქვან ირანთან მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობის დამყარებაზე.

ირანის რეჟიმი ნელ-ნელა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, ამის გამო თეირანი ლათინური ამერიკის ქვეყნებთან დამეგობრებას ცდილობს. მას უკვე ჰყავს ამ რეგიონში მოკავშირე ვენესუელის პრეზიდენტის ჰუგო ჩავესის სახით.

დემოკრატიული პარტიის სენატორის რობერტ მენენდესის განცხადებით:“ სამწუხაროდ ჩვენ რეგიონში არიან ქვეყნები, რომლებიც ირანთან დაახლოებით პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ. ისინი დიდ რისკზე მიდიან, რადგან ტერორისტულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამო შესაძლოა ამერიკამ მათ წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს.“

ამ გაფრთხილებას რესპუბლიკელი მარკო რუბიოც უერთდება. მისი თქმით:“ ამ ქვეყნების ლიდერები ცეცხლს ეთამაშებიან.“

როგორც პოლიტოლოგი დუგლას ფარაჰი აცხადებს ირანი ლათინურ ამერიკაში ორმაგ თამაშს აწარმოებს. თეირანი დაინტერესებულია ამ რეგიონში უმართავი სიტუაციის წარმოქმნით, რათა საერთაშორისო სანქციების მოქმედება გაანეიტრალოს და საკუთარი ბირთვული პროგრამა ბოლომდე მიიყვანოს.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის როჯერ ნორიეგას განცხადებით:“ ვენესუელის ლიდერი ჰუგო ჩავესი და ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი შეერთებული შტატების წინააღმდეგ ასიმეტრიული ბრძოლის დაწყებას ცდილობენ.“

ლათინური ამერიკის ქვეყნებში ირანის გავლენის გაძლიერება შეერთებული შტატების მეტ ყურადღებას მოითხოვს. თუმცა გავლენიანი ექსპერტი სინთია არნსონი მიიჩნევს, რომ ირანის საკითხმა არ უნდა დაჩრდილოს ლათინური ამერიკის პრობლემები. ისეთები როგორიცაა სიღარიბესთან ბრძოლა, სოციალური უთანასწორობა და ეკონომიკური განვითარება.

თავის მხრივ რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანულ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოეკიდონ.

მისი თქმით:“ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ 1992 წელს ბუენოს აირესში ისრაელის საელჩოს აფეთქება, რასაც 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე 1994 წელს არგენტინა-ისრაელის მეგობრობის ასოციაციაში განხორციელებული ტერაქტი, რომლის დროსაც 85 ადამიანი დაიღუპა. შარშან ოქტომბერში კი ირანელები შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.“

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში სტუმრობის დროს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ლათინურ ამერიკაში ირანის გააქტიურების გამო ვაშინგტონის შეშფოთებას სასაცილო უწოდა. პრეზიდენტმა ჩავესმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებას ირანი კი არა შეერთებული შტატები ემუქრება.

XS
SM
MD
LG