ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდგომარეობა კავკასიაში და შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ რეგიონში


ფორუმი "მდგომარეობა კავკასიაში და შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ რეგიონში" ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის შუა აზიისა და კავკასიის ინსტუტში, ვაშინგტონი, 15 სექტემბერი 2010 წ.
ფორუმი "მდგომარეობა კავკასიაში და შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ რეგიონში" ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის შუა აზიისა და კავკასიის ინსტუტში, ვაშინგტონი, 15 სექტემბერი 2010 წ.

ოთხშაბათს ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულ შუა აზიისა და კავკასიის ცენტრში კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა

ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულ შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში ოთხშაბათს გაიმართა ბრიფინგი თემაზე „მდგომარეობა კავკასიაში და შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ რეგიონში.“ ბრიფინგზე კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასა და რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკაზე იმსჯელეს შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯის პროფესორმა სტივენ ბლენკმა და შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მკლევარმა სვანტე კორნელმა.

თავის გამოსვლაში პროფესორმა ბლენკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების კონტექსტში შეერთებული შტატები რუსეთთან თანამშრომლობას სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას ანიჭებს ეგრეთწოდებული ჩრდილოეთის სადისტრიბუციო ქსელის გამო, რომლის გავლით ავღანეთში დისლოცირებულ კოალიციურ ძალებს სამხედრო აღჭურვილობა მიეწოდებათ. რაც შეეხება პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის სამხედრო გავლენის გაზრდას, ბლეკნმა აღნიშნა:

„გასულ თვეს რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოში მას 2008 წლიდან დისლოცირებული აქვს S-300 ტიპის რაკეტები, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ღიად აღიარებს ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების დარღვევას, ხელშეკრულებისა, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომი შეაჩერა. ამას გარდა, რუსეთმა აზერბაიჯანს S-300 ტიპის ანტი-საჰაერო რაკეტები მიჰყიდა. მოსკოვი აგრეთვე აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის ექსპორტის გაორმაგებაზე დათანხმდა.“

სვანტე კორნელმა კი აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამო კავკასიის რეგიონში მდგომარეობა დღემდე გაურკვეველი რჩება. კორნელმა ჩრდილოეთ კავკასიაში მეამბოხეთა მოძრაობა შემდეგნაირად დაახასიათა:

„ფართოდ გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, მეამბოხეთა მოძრაობა ერთმანეთთან დამოუკიდებელი ჯგუფებისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეამბოხეთა ცენტრალური ხელმძღვანელობის განადგურება მოძრაობის საქმიანობას ბოლოს არ მოუღებს.“

ბრიფინგის შემდეგ ამერიკის ხმის აზერბაიჯანულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ბატონ კორნელს. კორნელმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა ამგვადარად შეაფასა:

„რეგიონში სახეზეა სტრუქტურული არასტაბილურობა. რუსეთი აღებულ ვალდებულებებს არღვევს და ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არავითარი რეაქცია არ მოჰყვება. როგორც ჩანს, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთ-საქართველოს ომიდან არანაირი დასკვნა არ გამოიტანა. კერძოდ კი ის რომ ეგრეთწოდებული ‘გაყინული’ კონფლიქტები უბრალოდ არ არსებობს. მაგალითად, არსებობს საშიშროება იმისა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი კიდევ ერთხელ გააქტიურდება. ამდენად მე სამხრეთ კავკასიაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების იმედი ნამდვილად არ მაქვს. ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა არ გაუარესდება.“

XS
SM
MD
LG