ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნატო საქართველოს ამბების ერთი წლის შემდეგ“


ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში კონფერენციაგაიმართა თემაზე „ნატო საქართველოს ამბების ერთი წლის შემდეგ,“ რომელიც ორგანიზებული იყო ფინეთის, ესტონეთისა და ნორვეგიის საელჩოების დაფინანსებით. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ღონისძიება იყო პირველი იმ სამი კონფერენციიდან, რომელიც მიეძღვნება ევროპის უსაფრთხოებაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გავლენის შეფასებას ატლანტიკურ საბჭოში. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა შეერთებული შტატების ჯარის კოლეჯის სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი სტივენ ბლენკი.

თავის გამოსვლაში პროფესორმა ბლენკმა აღნიშნა, რომ როცა ლაპარაკია დასავლეთის ალიანსის სიმტკიცეზე საქართველოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე გადამწყვეტ როლს იძენს. მისი თქმით: „ომი საქართველოში იზოლირებული ინციდენტი როდი იყო. ის მოხდა ძალზედ მნიშვნელოვან კონტექსტში და შედეგად ევროპის უსაფრთხოება საგრძნობლად დაზარალდა.“ ბლენკის თქმით რუსეთის საგარეო პოლიტიკის განხორციელების მთავარ მეთოდებს წარმოადგენს დაშინება, გამოძალვა და მოსყიდვა. ამ მხრივ აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ახლახან თვითონ აღიარა, რომ რუსეთში გაბატონებულია სამართლებრივი ნიჰილიზმი. ბლენკს მიაჩნია, რომ კრემლის არსენალში ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდებაზე მონოპოლიის შენარჩუნება წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„რუსეთი იყენებს ენერგომატარებლებს როგორც საგარეო პოლიტიკის განხორციელების იარაღს. ამ იარაღს ის იყენებს შუა აზიიდან ენერგომატარებლების მიწოდებაზე მონოპოლიის დამყარების მიზნით. შედეგად მოსკოვი აჯილდოებს ან სჯის ევროპის ქვეყნებს იმისდამიხედვით თუ რამდენად მეგობრულად არის განწყობილი მის მიმართ ესა თუ ის სახელმწიფო.“

ბლენკის აზრით, ენერგომატარებლების ექსპორტისგან მიღებული დიდძალი მოგების საფუძველზე და სადაზვერვო სამსახურების, რუსული ბიზნესისა და ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების რესურსების გამოყენებით, რუსეთის მთავრობა ახორციელებს კარგად კოორდინირებულ კამპანიას, რომლის მიზანია ევროპის მთავრობებზე გავლენის მოხდენა, მათი მოსყიდვა ან დესტაბილიზაცია. ბლენკის თქმით: „ჩვენ უნდა გავითვიცნობიეროთ ის გარემოება, რომ ყოველივე ეს ხდება მაშინ, როცა სავსებით შესაძლებელია განვითარდეს სამხედრო დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთს შორის შავი ზღვის აუზში.“

ბლენკის აზრით, რუსეთთან ინტენსიური სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გამო გერმანია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს როგორც მოსკოვის ინტერესების მთავარი ადვოკატი ევროპულ კონტექსტში. მაგალითად, ცნობილია, რომ გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა ერთხელ წამოაყენა ძნელად დასაჯერებელი საკითხი, რომ თითქოსდა რუსეთი იმსახურებდა კომპენსაციებს დასავლეთისგან კოსოვოს საკითხის გამო. გარდა ამისა გერმანელმა დიპლომატებმა არაერთხელ შეუთვალეს მათ უკრაინელ კოლეგებს, რომ რუსეთს გააჩნია ვეტოს უფლება უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. მაგრამ ყველაზე საყრადღებოა ის, რომ რუსეთი გერმანიასთან ევროპის უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან საკითხს იხილავს, რაც ძალზედ აღმაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპასთან მიმართებაში კრემლის მთავარი სტრატეგიული ამოცანა იყო და რჩება ევროპული ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევათა ცენტრის დირექტორი, ანჟელა სტენტი. მან დამსწრეთ მოახსენა რუსეთის ლიდერების მოსაზრებები, რომელიც გასულ თვეს ეგრეთწოდებული ვალდაის კლუბის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრების დროს გაისმა. კერძოდ ქალბატონმა სტენტმა აღნიშნა, რომ იმის მოლოდინი, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთის საგარეო პოლიტიკა უფრო ზომიერი გახდება, არ გამართლდა. პირიქით, რუსეთის მთავრობამ ფინანსური დახმარება გაუწია უკრაინასა და შუა აზიის რიგ ქვეყნებს და ამით მან პოსტ-საბჭოურ სივრცეში ეკონომიკური გავლენის ბერკეტი საგრძნობლად გააძლიერა. ანჟელა სტენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავინდებურად არის ეგრედწოდებული პრივილეგიური ინტერესბის სფეროს აღდგენა პოსტ-საბჭოურ სივრცეში. კრემლის თვალთახედვით დასავლეთი გაგებით უნდა მოეკიდოს ამგვარ მიდგომას.

ამასთან დაკავშირებით სტენტმა აგრეთვე აღნიშნა: „წითელი ხაზი, რომელსაც ისინი გამუდმებით იმეორებდნენ, ეს არის უარი უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე.“ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე, თუ როგორ განმარტავს რუსეთის მთავრობა პრივილეგიური ინტერესების სფეროს, ანჟელა სტენტმა ასეთი პასუხი გასცა: „რას გულისხმობს რუსეთი პრივილეგიური ინტერესების სფეროში? მინიმალური განმარტება გულისხმბოს იმას, რომ არცერთი რუსეთის მეზობელი ქვეყანა არ უნდა შეურთდეს ისეთ ალიანსს, რომელსაც რუსეთი მტრულად თვლის, ანუ ნატოს. ხოლო მაქსიმალურ განმარტებაში ალბათ არ იგულისხმება მთავრობების პირდაპირი დანიშვნა ისე როგორც ეს ხდებოდა სტალინის დროს აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ მთავრობები რუსეთის მიმართ მეგობრული უნდა იყოს.“

სტენტის თქმით, რუსეთის მთავრობას სურს მტკიცე გარანტიების მიღება ვაშინგტონიდან და ბრუსელიდან, რომ ნატოს გაფართოების პროცესი დასრულდა და რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი სამუდამოდ გადაიდო. რაც შეეხება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას, ანჟელა სტენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლს მიაჩნია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვაზე ეკისრება ვაშინგტონს. რაც შეეხება რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, სტენტმა აღნიშნა:

„რაც შეეხება საქართველოს, პრეზიდენტმა მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მანამ სანამ ხელისუფლებაშია ბატონი სააკაშვილი, რაიმე ურთიერთობაზე ლაპარაკი ზედმეტია. დისკუსიების შემდეგ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოსთან კონფლიქტის განახლება სულაც არ არის გამორიცხული.“ სტენტს მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გავლენა შეინიშნება იმაშიც, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანის ჩათვლით, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ მათი ადგილმდებარეობის გადამწყვეტ მნიშვნელობაში და შედეგად ამ ქვეყნების დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ შესაბამისად შეიცვალა. არანაკლებ საინტერესო იყო ბატონი იანუშ ბუგაცკის მოხსენება. იანუშ ბუგაცკი ხელმძღვანელობს ახალი ევროპული დემოკრატიების პროექტს სართაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ცენტრში. თავისი გამოსვლის დასაწყისში მან აღნიშნა:

„ხანმოკლე ომის მთავარი მიზანი იყო დემონსტრირება იმისა, რომ ევროპის უსაფრთხოების არსებული ინფრასტრუქტურა მოძველდა და რომ აუცილებელია მისი გარდაქმნა. მოსკოვს ესახება, რომ ამ გარდაქმნის პროცესში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს რუსეთმა, ხოლო შეერთებული შტატებისა და ნატოს მნიშვნელობა უნდა შემცირდეს.“ ბუგაცკიმ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საქრთველოში სამხედრო აგრესიისა და ქვეყნის დე ფაქტო დანაწევრების მეოხებით რუსეთი ცდილობდა შემდეგი ამოცანების შესრულებას ერთდროულად:

-გახადოს საქართველო სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის, პოლიტიკური დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების წარუმატებლობის მაგალითი;

-გამოუთხაროს ძირი სააკაშვილის პრო-ამერიკულ მთავრობას;

-შეაჩეროს საქართველოს მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისაკენ;

- გამოამჟღავნოს ამერიკისა და ნატოს უუნარობა მეგობრული ქვეყნის დაცვასთან დაკავშირებით რუსეთის აგრესიის ფონზე;

-დაასუსტოს ინვესტორების ნდობა იმ ალტერნატიული მილსადენების მიმართ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ გადის;

-გააფრთხილოს ის ქვეყნები, სადაც რუსული პასპორტების მქონე ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ ან არსებობს ტერიტორიული კონფლიქტების წინაპირობები, განსაკუთრებით კი უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა.

გამოსვლის დასასრულს ბატონმა ბუგაცკიმ აგრეთვე დასძინა:

„აგვისტოს ომი და საქართველოს დე ფაქტო დანაწევრება, ჩემის აზრით, იმის მანიშნებელია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ჯერ არ დასულებულა. მართალია საბჭოთა კავშირის, როგორც სახელმწიფოს, არსებობა შეწყდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით დამთავრდა რუსეთის იმპერიის დაშლა. მოსკოვმა თვითონ შექმნა პრეცედენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როცა მან აღიარა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ხოლო ამას მოჰყვება ‘ბუმერანგის ეფექტი,’ რომელიც ქვეყნების დანაწევრებას ამართლებს და რომელსაც რუსეთი არ გადაურჩება. სეპარატიზმის ტალღა უკვე აგორდა რუსეთის ფედერაციაში და განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მეამბოხეთა მოქმედება მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერების წინააღმდეგ სულ უფრო იზრდება და ეთნიკური კონფლიქტები მატულობს ადგილობრივი ნაციონალიზმისა და რეგიონალური რელიგიური რადიკალიზმის გამოვლინების ფონზე.“


XS
SM
MD
LG