ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლტოლვილთა საერთაშორისო დღე გორში


რა მიზნები აქვს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს საქართველოში ნინო დალაქიშვილი

გუშინ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით, გორში დევნილთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. UNHCR–ის ინიციატივით საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ არაერთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტი განხორციელდა, რაც უშუალოდ მიმართული იყო ომით გამოწვეული ზიანის შემცირებისკენ.

UNHCR–მა ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მთელ დღეზე გაწერა. მათ შორის იყო დევნლების მიერ შესრულებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გორის კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“, კედლის მოხატვა, მოგვიანებით კი კონცერტი ჯეოსტარის კონკურსის გამარჯვებულებისა და ადგილობრივი კულტურის ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით. გაიმართა ასევე საფეხბურთო შეჯიბრი დევნილთა სხვადასხვა ჩასახლებაში მცხოვრებ საბავშვო გუნდებს შორის. ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა საგანგებოდ გორში იმის გამო გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა, რომ აქ განსაკუთრებით ბევრი დევნილი ცხოვრობს. დღის წესრიგის მიხედვით, ღონისძიებას უნდა დასწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი. გეგმის მიხედვით, ორივე მათგანს სიტყვით უნდა მიემართა შეკრებილი საზოგადოებისთვის, თუმცა ღონისძიებას არც ერთი არ დასწრებია. ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოწყობილ ღონისძიებას ხელისუფლების მხრიდან არავინ დასწრებია. გორის მუნიციპალიტეტმა ვერც ჯეოსტარელების კონცერტის ორგანიზება ვერ შეძლო და ღონისძიებაზე მხოლოდ ადგილობრივმა შემსრულებლებმა იმღერეს.

სიმონე ვოლკენმა, UNHCR–ის წარმომადგენელმა საქართველოში ჩვენთან საუბრისას განაცხადა: „დღევანდელი დღე, 20 ივნისი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ლტოლვილთა საერთაშორისო დღე. შესაბამისად, დღევანდელ დღეს აღვნიშნავთ საქართველოშიც. გორში ათიათასობით დევნილი ცხოვრობს, ისინი იძულებულები გახდნენ მოწყვეტოდნენ საკუთარ სახლებს, ჩვეულ გარემოს. დღეს ისინი ახალ ცხოვრებას იწყებენ. მიმაჩნია, რომ ოფიციალური მოხსენებები ყოველთვის არაა საჭირო. მე არ ვაკეთებ ამას, როდესაც ამის საჭიროება არ არის. გასაგებია, მინისტრი სხვა საქმეებით იყო დაკავებული. სამაგიეროდ ამდენი ადამიანი მოვიდა, ბავშვებმა ითამაშეს, გაიმართა ჩემპიონატი ფეხბურთში. ვფიქრობთ, დღევანდელი დღე კომუნიკაციის კარგი საშუალება იყო. ჩვენი სამომავლო გეგმები ძალიან იქნება დამოკიდებული მთავრობის სტრატეგიასა და პოლიტიკაზე. ჩვენ, რასაკვირველია, ახლა აღარ ავაშენებთ სახლებს და აღარ განვახორციელებთ ფანდრაიზინგთან და შემოსავლების გაზრდისკენ მიმართულ პროექტებს. ეს ძალიან ბევრი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და თავის ლოგიკურ დასასრულთან მივიდა. ჩვენ კარგად ვხედავთ როგორი მშენებლობები მიმდინარეობს ბათუმსა და სხვა ქალაქებში, ამიტომ ნათელია, რომ მთავრობას აღარ სჭირდება ჩვენი ორგანიზაციის დახმარება. თავადაც კარგად შეუძლია სახლები აუშენოს დევნილებს. მაგრამ ჩვენ მათ ვჭირდებით იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ სტრატეგიისა და მთლიანი პოლიტიკის განსაზღვრაში“,– აცხადებს სიმონე ვოლკენი, UNHCR–ის წარმომადგენელი საქართველოში.

საკუთარი ნაწარმი „ახალბაღში“ იური კოპაძემაც გამოფინა. იგი ორმაგი დევნილია, მეოცე საუკუნის 90–იან წლებში ცხინვალის დატოვება მოუხდა, 2008 წელს კი თამარაშენის. ახლა ის კვლავ სასაზღვრო სოფელ დვანში ცხოვრობს, რომელიც ოსურ სოფლებს, მუგუთსა და დიდმუხას ესაზღვრება. იური კოპაძემ საკუთარი საწარმო სწორედ აქ დააარსა და ახლა ჩურჩხელასა და ტყლაპს აწარმოებს ქარხნული წესით. ამბობს, რომ ყველაზე მეტად თახნების მოზიდვა უჭირს ბიზნესის განვითარებისთვის, რადგან ბანკები კონფლიქტის ზონაში არსებული საწარმოებისთვის სესხს, რისკის მაღალი ფაქტორიდან გამომდინარე, არ გასცემენ.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს „ახალბაღში“ მხოლოდ დევნილები არ შეიკრიბნენ. ბევრი ადამიანი იქ იმ იმედით მივიდა, რომ ოფიცილუარი პირებს პირადად ნახავდნენ და საკუთარ პრობლემას შეახსენებდნენ. მათ შორის იყვნენ ზარდიაანთკარიდან იძულებით გამოდევნლებიც, რომლებიც მეოთე წელია საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, სახელმწიფო კი დევნილის სტატუსს არ აძლევს.
XS
SM
MD
LG