ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ისტორიული გადაწყვეტილება


ხმების დიდი უპირატესობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იარაღით ვაჭრობის მარეგულირებელი ხელშეკრულება დაამტკიცა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


გაერომ ისტორიული მნიშვნელობის პაქტი დაამტკიცა. ხმების დიდი უპირატესობით (153 მომხრე, 3 წინააღმდეგ და 23-მა თავი შეიკავა) გაეროს ქვეყნებმა იარაღით ვაჭრობის მარეგულირებელი ხელშეკრულება დადეს.

ამიერიდან სტანდარტებს და ლიმიტებს საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს. ეს შეეხება ჩვეულებრივი იარაღით ვაჭრობის იმპორტს, ექსპორტს და გადაზიდვებს. საბრძოლო ტანკებით, ხომალდებით და ვერტმფრენებით დაწყებული, მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღით დამთავრებული. პაქტის დადება მთავარი ექსპორტიორების მონაწილეობით მოხდა, ისეთის, როგორიცაა შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, თუ პაკისტანი. თუმცა, დასახელებული ქვეყნებიდან რუსეთმა, ჩინეთმა და ინდოეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დერილ კიმბელი, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციიდან -იარაღის კონტროლის ასოციაცია- ხელშეკრულების ისტორიულობაზე საუბრობს.


ისტორიულია იმის გამო, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იარაღის გაყიდვაზე ქვეყნებს საერთაშორისო სტანდარტები უწესდებათ. მათ პირველად მოუწევთ ყოველწლიური ანგარიშის შედგენა თითოეული გადაზიდვის შესახებ, რომელზეც სახელმწიფო მოხელეების ხელმოწერებიც უნდა იყოს დაფიქსირებული“ - აღნიშნავს იარაღით ვაჭრობის ექსპერტი.

მარტინ ბუჩერი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში შეიარაღების პოლიტიკის მრჩევლად მუშაობს. მისი თქმით, გაეროს ახალი ხელშეკრულება ადამიანის უფლებების უმთავრეს კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს.


„მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამიერიდან იარაღით ვაჭრობა ადამიანის უფლებებით და ჰუმანიტარული კანონმდებლობით გაკონტროლდება. სახელმწიფოებს აეკრძალებათ იარაღის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა. მაგალითად იქ, სადაც მთავრობა მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდება. ეს ძალიან სერიოზული ვალდებულებაა“ - აღნიშნავს შეიარაღების პოლიტიკის მრჩეველი.

პოლ ჰოლტომი სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ პაქტი ამუნიციით ვაჭრობასაც გააკონტროლებს.


„ეს საკითხი წინ ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნებმა ძალიან სწორად წამოწიეს. მათი თქმით, ერთია, როცა იარაღით ვაჭრობას აკონტროლებ, მაგრამ ცალკე თემაა მცირე ზომის ამუნიცია, რომელიც ხშირად კონფლიქტების დროს დაძაბულობის ესკალაციის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია“ - აღნიშნავს ექსპერტი.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგალითად, კალაშნიკოვები ძალიან დიდ ხანს ძლებს. მაგრამ მხოლოდ გამძლეობა რის მაქნისია, თუ ამუნიციის ახალ-ახალი მარაგით არ შეავსე? ამიტომაც გაეროს საკანონმდებლო რეგულაციებში ამუნიციის გაყიდვაზე კონტროლის დაწესებაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია“ - დასძენს დერილ კიმბელი.

რაც შეეხება ხელშეკრულების ნაკლოვანებებს, ექსპერტები პაქტის იმ ნაწილზე მიუთითებენ, რომელიც მისი ამოქმედების მექანიზმებს ეხება. მარტინ ბუჩერის თქმით, ეს ხარვეზი გამოსწორებადია. სახელმწიფოები სავსებით შესაძლებელია აიძულო საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგონ.

გაეროს მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ 7-წლიანი მოლაპარაკებები უძღოდა. პაქტი ხელმოწერებისთვის იხსნება და მას შემდეგ, რაც 50 ქვეყანა მის რატიფიცირებას მოახდენს, ხელშეკრულება საერთაშორისო კანონის ძალას მიიღებს.
XS
SM
MD
LG