ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციები სირიაში


ამჟამად სირიაში დახმარების უფლება მხოლოდ 12 ორგანიზაციას აქვს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს მიიღო ეგრეთწოდებული „საპრეზიდენტო განცხადება“, სირიის ხელისუფლებისადმი დაჟინებული მოთხოვნით: დაუყოვნებლივ იმოქმედოს, ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გაფართოების ხელშესაწყობად. ეს განცხადება ერთი საფეხურით დაბლა დგას იურიდიულად სავალდებულო რეზოლუციასთან შედარებით, მაგრამ მას ზურგს უმაგრებს საბჭოს 15 წევრის მხარდაჭერა.

გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციების ხელმძღვანელმა ვალერი ამოსმა თქვა, რომ ჰუმანიტარული ოპერაციების თანამშრომლებს სჭირდებათ სრული და მუდმივი წვდომა სირიის ნებისმიერ კუთხეში, გასაჭირში მყოფ ყველა ადამიანთან. ამასთანავე ისინი დაცულნი უნდა იყვნენ, რათა შეძლონ ამ სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულება.

„თუ ამ განცხადებაში მოყვანილი ყველა ვალდებულება და პრაქტიკული ნაბიჯი განხორციელდება, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები შეძლებენ მივიდნენ 2 მილიონზე მეტ ადამიანთან, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში მიუწვდომელნი იყვნენ.“

ამჟამად დახმარების უფლება მხოლოდ 12 ორგანიზაციას აქვს სირიაში. გაეროს მონაცემებით, მთლიანი გარეუბნები და ქალაქები შეგნებულად იქნა გაჩანაგებული ან ბრძოლების შედეგად მოწყდა გარე სამყაროს. ქალაქების დამაკავშირებელ მთავარ გზებზე ათობით საგუშაგო მოქმედებს და ბიოროკრატიულმა წინაღობებმა გაართულა დახმარების მიწოდება მილიონობით უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანთან.

ჰუმანიტარული მდგომარეობა თვეების განმავლობაში ღია საკითხად რჩებოდა, მაგრამ უშიშროების საბჭოს საერთო უმწეობის გამო მოქმედება აგვიანებდა.

მკვდარი წერტილიდან ძვრა მოხდა პარასკევს, როცა მუდმივმა წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას სირიასთან მიმართებაში, რომ მისი ქიმიური იარაღის არსენალი საერთაშორისო ზედამხედველობას დაქვემდებარებოდა.

განცხადების პროექტი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოამზადეს საბჭოს წევრებმა, ლუქსემბურგმა და ავსტრალიამ. ამ განცხადების მიღების შემდეგ ავსტრალიის ელჩმა გარი ქვინლენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხის გარშემო „სწრაფი მოქმედება“ იყო საჭირო.
„ჩვენ ვიცით, რომ ამას უზარმაზარი ზემოქმედება აქვს რეგიონზე, პოტენციურად ეს კატასტროფულია, მაგრამ სირიის შიგნით ჰუმანიტარული მდგომარეობის გადაჭარბებით შეფასება უბრალოდ შეუძლებელია... საცხოვრებლის ერთ მესამედზე მეტი განადგურდა და გვყავს 2 მილიონი ლტოლვილი, მათ შორის 1 მილიონი ბავშვი. სირიაში ყოველ 15 წამში 1 ლტოლვილი ჩნდება. ამ დილით ჩვენი საუბრის დაწყებიდან, სირიაში 11 ახალი ლტოლვილი გაჩნდა.“

ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლიალ გრანტმა თქვა, რომ საბჭოს განცხადება მიზნად ისახავს სირიის ყველა კუთხეში ჰუმანიტარული დახმარების შეღწევის უზრუნველყოფას.

„ეს მათ მოუწოდებს დააჩქაროს ვიზების და ნებართვების გაცემა ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისთვის და ტრანსპორტის ქარავნებისთვის, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების წვდომას კონფლიქტის ყველა მხარეს, ასევე საზღვრებს მიღმა და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. ეს აგრეთვე მოუწოდებს ყველა მხარეს, რათა მოახდინონ ყველა სამედიცინო დაწესებულების, სკოლის და წყალმომარაგების ნაგებობის დემილიტარიზაცია.“

გაერომ ასევე უნდა მოიძიოს 3 მილიარდი დოლარი, რათა შეავსოს სირიაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო ფონდი. გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა სთხოვა ქუვეითს, რათა მომავალი წლის დასაწყისში, დეფიციტის შესავსებად მოიწვიოს დონორთა კიდევ ერთი კონფერენცია.

სირიის კრიზისმა 100,000 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილდა 4 მილიონი ადამიანი, ხოლო 2 მილიონზე მეტმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი.
XS
SM
MD
LG