ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ღაზის სექტორში განახლებულ დაძაბულობას კვირას განიხილავს


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ისრაელს და პალესტინელებს შორის დაძაბულობის ესკალაციაზე კვირას საჯაროდ იმსჯელებს. ღაზის სექტორში მიმდინარე ორმხრივ დაბომბვებთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების 15-წევრიანი საბჭო დახურულ კარს მიღმა უკვე ორჯერ შეიკრიბა.

ეს ერთვარი კომპრომისია დიპლომატების მხრიდან. შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა შეერთებული შტატები, ისრაელის მთავარი მოკავშირე, ვირტუალური შეხვედრის მოწყობას მომავალ კვირაში, სამშაბათს ითხოვდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხუთშაბათს თქვა, რომ ვაშინგტონი გაეროში ღია დისკუსიის მომხრეა და მას მხარს უჭერს. თუმცა, ის მიზანშეწონილად თვლის რამდენიმე დღით მოცდას, რაც "დიპლომატიას გავლენის მოხდენის და რეალური დეესკალაციის" შანსს მისცემს.

შეერთებულმა შტატებმა რეგიონში სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის და კიდევ უფრო გართულების პრევენციის მიზნით, ახლო აღმოსავლეთში საგანგებო დესპანი მიავლინა. ამერიკა "გააგრძელებს დიპლომატიის უმაღლეს დონეზე აქტიურ ჩართულობას და დაძაბულობის დეესკალაციის მცდელობას" - დაწერა "ტვიტერზე" ლინდა ტომას-გრინფილდმა, შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

პარასკევს ისრაელს და პალესტინელებს შორის გამწვავებული ურთიერთობის და ძალადობის ესკალაციის მეხუთე დღე შესრულდა. ჯერჯერობით მხარეები დათმობაზე წასვლის არანაირ ნიშანს არ ავლენენ. მშვიდობიანი მოლაპარაკების მცდელობა ეგვიპტის, ყატარის და გაეროს მხრიდან, ამ ეტაპზე უშედეგოდ დამთავრდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG