ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ორი საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით


ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის შინაარსი და დეტალები დღეს აქტიურად განიხილება საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ წარადგინეს. ერთი გაეროს რეზოლუციაა დევნილთა დაბრუნების შესახებ, მეორე კი „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში მსოფლიოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეების შესახებ. პირველი დოკუმენტის გამო საქართველოს ხელისუფლება სიამაყის განცდას ვერ მალავს, მეორის თაობაზე კი შეფასებას ან გაურბის, ან იმდაგვარად წარმოაჩენს, რომ თავად კვლევის ავტორი საერთაშორისო ორგანიზაციაა შემცდარი საქართველოსთან მიმართებით.

წელს საქართველოს მხარდამჭერი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე 79 ქვეყანა აღმოჩნდა, რაც ორით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. წლევანდელი, ასევე მნიშვნელოვანი სიახლე ის გახლავთ, რომ მხარდამჭერებიდან 44 ქვეყანა დაფიქსირდა, როგორც რეზოლუციის თანაწარმდგენი/თანამონაწილე/თანასპონსორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები არა მხოლოდ აფიქსირებენ საკუთარ თანხმობას საქართველოში დევნილი ადამიანების უსაფრთხო და ღირსებულ დაბრუნებაზე, არამედ თავადაც მზად არიან იყონ რეზოლუციის ერთგვარი თანაავტორები.

რაც შეეხება იმ ქვეყნების რაოდენობას, რომელთა წარმომადგენლებმა კენჭისყრისგან თავი შეიკავეს, ასეთი 57-ია (გასულ წელს 62 ქვეყანა დაფიქსირდა ამ მაჩვენებლით). გაეროს წევრ ქვეყნებს შორის წელს 15-ია ისეთი, ვისაც საქართველოში დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში არ სურს. გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ გაეროში 16 ქვეყანა დაფიქსირდა.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს: „წელს რეზოლუციის მიღება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არის სიმბოლურიც და რეალური დასტურიც იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა, სუვერენიტეტი და რაც მთავარია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება, არის ხელშეუხებელი.

წელს რეზოლუციის თანასპონსორი, საქართველოს გარდა, 44 ქვეყანაა. ისინი კიდევ უფრო მყარ მხარდაჭერას გამოხატავენ ამ ფორმით, რაც წელს სიახლეა და მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო არენაზე, ამ ქვეყნებისგან განსაკუთრებით. რეზოლუცია არაა ის ინსტრუმენტი, რომლითაც საკითხის მოგვარება შეიძლება, მაგრამ ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებს, რომ პროცესის იმპლემენტაციის თაობაზე შეჯერდნენ.“

ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს იმასაც, რომ საქართველო წლების განმავლობაში მზადაა დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი განიხილონ და მისცეს მსვლელობა. „ხშირად ამბობენ, რომ რეზოლუცია დევნილებს არ დააბრუნებს. ცხადია, ვერც დააბრუნებს, მაგრამ ის საფუძველი და დასტურია, რომ დევნილთა უფლება დაბრუნების უფლება არის აღიარებული, მიუხედავად იმისა, დღეს ვინმეს მოსწონს თუ არა ამ საკითხის განხილვა და სურს თუ არა მასთან შეხება.

ჩვენთან საუბრისას მინისტრი აღნიშნავს: „რუსეთსაც და საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან კარგად ახსოვს, რომ 2009 წლის ჩათვლით, გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის წევრიც გახლდათ რუსეთი, იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებს. რუსეთს მხარი აქვს დაჭერილი დევნილთა დაბრუნების უფლებისთვის საქართველოში. ეს უფლება არაა ვინმეს მოწონება-არმოწონებაზე. შეუძლებელია, ქართველი დევნილი არ მოგწონდეს და ოსი ან სხვა ეროვნების მოგწონდეს. ეს საერთაშორისო სამართლით აღიარებული განუყოფელი უფლებაა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევახსენოთ რუსეთს, და ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ თავადაც აქვს მხარი დაჭერილი ამ პრინციპებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს კონტექსტში.“ მას შემდგომ, რაც რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში მსგავსი მხარდაჭერა ქართველი დევნილების მიმართ აღარ განუხორციელებია.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი ამბობს: „რაც მეტს იმსჯელებს საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში დევნილების დაბრუნების თაობაზე, მით უკეთესი, რადგან რაც სამართლიანია, ის, ადრე თუ გვიან, აღსრულდება. ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე ორიენტირებული ჩვენი მეზობელი ქვეყანა, სომხეთი, რომელთანაც, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისა, გვაქვს ურთიერთგაგება, გაეროს ასამბლეაზე, რუსეთის მოთხოვნით, აღარ ამბობს უარს დევნილთა დაბრუნების საკითხზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ეს მეთერთმეტე რეზოლუციაა, რაც გაეროს ასამბლეაზე მიიღეს და ის ასახავს ჩვენი დიპლომატიის სხვადასხვა თაობის მიზანიმართულ მუშაობას. წლევანდელი გამოირჩევა თანასპონსორთა რაოდენობით და წელს ეს სიახლეა, ზოგადად. რამდენიმე სახელმწიფომ შეიცვალა პოზიცია და წელს ყველაზე თვალშისაცემია სომხეთის არმონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში. ეს არ გახლავთ პირდაპირ საჩვენო პოზიცია, მაგრამ ტრადიციულად, წინააღმდეგობის ნაცვლად, მათ ამგვარი წელს არ დააფიქსირეს. ჩემი აზრით, ეს ასახავს მათი პოზიციის ცვლილებას. აჩვენებს იმას, რომ არსებობს რეგიონები, სადაც კიდევ მეტი გვაქვს სამუშაო,“- გვეუბნება გიორგი ბადრიძე, GFSIS-ის მკვლევარი.

"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის შეფასებისას, სადაც არაფორმალურ მმართველობასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის შეზღუდვაზეა საუბარი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს დასკვნა რეალობას არ ასახავს. დღეს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმის საილუსტრაციოდ, რომ არაფორმალური მმართველობა მხოლოდ მითია, ისიც კი განაცხადა, რომ წარმატებულ დემოკრატიებში პარტიის ლიდერები არ ითვლებიან არაფორმალურ მმართველებად იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტია ხელისუფლებას წარმოადგენს. ამის საპასუხოდ დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის და მისი „სახეების“ არსებობა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული და სწორედ ამ ფაქტს გულისხმობს „ფრიდომ ჰაუსი“, როდესაც ანგარიშში არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს.

„სად, რომელ ქვეყანაში ნახეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, რომ ხელისუფლებაში პორტფელი არ გააჩნდეს ადამიანს და ასეთ პერსონასთან თანხმდებოდეს ყველაფერი? თანაც, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი პარტიის ხელმძღვანელიც არ ყოფილა, მაგრამ ქვეყნის მართვაში მაინც იყო ჩართული. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებები ბევრად უფრო რეზონანსულია საერთაშორისო დონეზე და პირდაპირ გავლენას ახდენს ცივილიზებული ქვეყნების დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ბიზნეს წრეებზე. თუკი ნეგატიურია შეფასებები, ეს კარგად არ აისახება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი გახლავთ დღევანელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა“,“- აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ანგარიში ქართულ რეალობას ზედმიწევნით ასახავს. „ამბავი თავის თავს ვერ დამალავს. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ინსტიტუტები საქართველოში იმართება არაფორმალურად და რომ სასამართლო არა თუ ვერ გახდა დამოუკიდებელი, არამედ პირიქით, ახლა სრულიად ინსტიტუციონალურად არის დაქვემდებარებული ერთ პოლიტიკურ ძალას. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარეშე, თუნდაც სხვა ყველა სერვისი რომ იყოს წარმატებული, ქვეყანა ვერ შედგება სრულყოფილ დემოკრატიად. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, ეს არ ხდება ბუნებაში.“

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, მედიია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიხედვით, საქართველო 5 ქულიდან 2 ქულითაა შეფასებული. ხელისუფლება ორგანიზაციას აკრიტიკებს ახლაც, ისევე როგორც 2019 წლის დასაწყისში, როდესაც მათ გამოაქვეყნეს კვლევა „დემოკრატიის უკუსვლის“ შესახებ, სადაც ასევე გაუარესებული ვითარება დაფიქსირდა საქართველოსთან მიმართებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG