ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყვია საქართველოში - გაეროს კვლევის საგანგაშო შედეგები


"საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს" - ნათქვამია "იუნისეფის", გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

არ არსებობს ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და დასაშვები კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში - აცხადებს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. ტყვიას კანცეროგენული, პოტენციურად კიბოს გამომწვევი ნივთიერების კლასიფიკაციას აძლევს ჯანდაცვის რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

"იუნისეფის" პრეს-რელიზის მიხედვით, წარმომადგენლობითი კვლევა საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ტყვიის დონის განსაზღვის მიზნით, ვენური სისხლის სინჯები 1 578 ბავშვს აუღეს. ეროვნული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ყველაზე რთული ვითარება აჭარაშია, სადაც სისხლში ტყვია 5 მკგ/დლ-ზე მეტი რაოდენობით, ბავშვების 85 პროცენტს აღმოაჩნდა. შემდეგ მოდის გურია (73%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (71%) და იმერეთი (61%).

თბილისში, სადაც საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, ბავშვების 30%-ს უპოვეს სისხლში 5 მკგ/დლ-ზე მეტი ტყვია. ეს მონაცემი ახლოსაა "ამერიკის ხმის" მიერ გასულ წელს მოკვლეულ ინფორმაციასთან. 2018 წლის ივლისში, საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ლაბორატორიამ, ანონიმურობის დაცვის პირობით, „ამერიკის ხმას“ აცნობა, რომ ტყვიის მატება მათ მიერ გასინჯული პაციენტების 33 პროცენტს, დაახლოებით მესამედს აღენიშნებოდა. საუბარია ვენიდან აღებულ სისხლში ტყვიის 5 მგკ/დლ-ზე უფრო მაღალ შემცველობაზე. იყო შემთხვევები, როცა გადაჭარბება შეადგენდა 13, 18 და 20 მგკ/დლ-ს.

გოტფრიდ ჰანე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე აღნიშნავს, რომ “გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო”. მისი თქმით, დასაფასებელია ის, რომ საქართველოს მთავრობა პრობლემას აღიარებს და გამოთქვამს "კეთილ ნებას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს”.

ორგანიზაცია "იუნისეფის" ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას გეგმავს. ის ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ტყვია და რატომ არის ის საშიში, ასევე იმაზე, თუ რა მოხდა თითქმის 2 წლის წინ, როცა პირველად გახდა ცნობილი ქართველ ბავშვებში ტყვიის საგანგაშო რაოდენობით აღმოჩენაზე, შეგიძლიათ გაეცნოთ „ამერიკის ხმის“ პუბლიკაციაში.

ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეომასალა:

"ამერიკის ხმის" ჩართვა "საქმიან დილაში".

"ამერიკის ხმის" ჩართვა "იმედის კვირაში".

"ამერიკის ხმა" სტუმრად "იმედის დღეში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG