ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ დღის წესრიგშია


ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ დღის წესრიგშია
ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ დღის წესრიგშია

დღეს სტამბოლში ირანელი დიპლომატები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების და გერმანიის წარმომადგენლებს ხვდებიან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი ჩინეთი და გერმანია ირანისგან დღესაც ჯიუტად მოითხოვენ, რომ თეირანმა გამჭვირვალე გახადოს თავისი ბირთვული პროგრამა, რაც ურანის გამდიდრების პროცესზე კონტროლს ითვალისწინებს ამ პროგრამის მილიტარიზაციის დაუშვებლობასთან ერთად, რაც თავის მხრივ ირანის მიერ 1972 წელს ხელმოწერილი ბირთული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევა იქნებოდა.

ირანის პოზიცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოაყალიბა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, რომელმაც 19 იანვარს განაცხადა რომ ირანელები ბირთვული პროგრამის საკითხს გადაწყვეტილად თვლიან, ასე რომ დასავლეთს მოუწევს ბირთვული ირანის არსებობასთან შეგუება და მასთან ურთიერთობის დაწყება.

მხარეებს შორის არსებული ეს წინააღმდეგობები ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ ისინი სტამბოლში რაიმე პროგრესის მიღწევას შეძლებენ ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით. პოლიტილოგი ჯოზეფ სირინსიონე მოლაპარაკების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი:“ ირანი არ ენდობა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს და არც რაიმე სერიოზული დათმომებისთვის არის მზად, რაც კომპრომისის მიღწევას თითქმის გამორიცხავს.“

თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ლონდონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიკლ ელიმანი, რომელიც მიიჩნევს რომ გაეროს სანქციების შემდეგ ირანი მზად არის საერთო ენის გამოსანახად. მისი თქმით:“ თავისთავად მათი მონაწილეობა მოლაპარაკებაში ბევრ რამეზე მეტყველებს და ეს უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.“

ირანი თანახმაა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და სტამბოლის შეხვედრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოების მომავალი ურთიერთობა მის მიმართ. როგორც ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ალექსი ვატანკა მიიჩნევს, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა მაშინ არ არის გამორიცხული ზაფხულში ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება.

პოლიტოლოგების ნაწილი კი თვლის, რომ ირანი მოლაპარაკებებს დროის მოგების მიზნით აწარმოებს და ამასობაში თავის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებს.

XS
SM
MD
LG