ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ყარაბაღის კონფლიქტისას დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარეებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში გასულ თვეებში გამწვავებული კონფლიქტისა და საომარი მოქმედებების შემდეგ დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ჟენევაში მდებარე გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ასევე სწრაფად უნდა იმოქმედოს დაღუპულთა გვამების მათი ოჯახებისთვის დაბრუნებაზეც, რათა ისინი ტრადიციული წეს-ჩვეულებების პატივისცემით დაიკრძალონ.

"ყველა, ვისაც თავისუფლება შეეზღუდა კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზებით, სახლებს უნდა დაუბრუნდეს. დაღუპულთა ნათესავებმა კი უნდა მიიღონ თავიანთი საყვარელი ადამიანების სხეულები. ეს ყველაფერი 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით უნდა მოხდეს", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო შეტაკებები ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ 9 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გააფორმებდნენ. შეთანხმების მიხედვით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო შვიდივე რეგიონი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა. მანამდე, თითქმის 30 წლის განმავლობაში, ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი ეთნიკური სომხების მიერ კონტროლდებოდა. თუმცა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რამდენჯერმე დაირღვა და შეტაკებები განახლდა.

ძალადობის განახლებას 4 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ბევრი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მათივე თქმით, არსებობს ცნობები არაჰუმანური მოპყრობისა და პატიმართა მკვლელობის შესახებაც. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნასთან ერთად, უფლებადამცველები გარდაცვლილებთან ჰუმანურ მოპყრობასაც ითხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG