ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა


 პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკი, 21 სექტემბერი, 2017
პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკი, 21 სექტემბერი, 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე ნიუ-იორკის დროით ხუთშაბათს, საღამოს შვიდის ნახევრისთვის დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი 15- წუთიანი მოხსენებით წარსდგა და ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შერიგების პოლიტიკაზე, გაეროს რეფორმირებაზე, ბუნების კატაკლიზმებზე, ევრო-ინტეგრაციაზე, საქართველოს გეო-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობაზე ისაუბრა. “საქართველო იზრდება. საქართველო არის სიცოცხლით სავსე. საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს. და ეს იმიტომ, რომ საქართველოს მისი მოქალაქეები შეადგენენ. მათ ცენტრალური ადგილი უჭირავთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში და ეს მუდამ ასე იქნება.” ასე დაასრულა პრემიერმა თავისი გამოსვლა.

გაეროს ტრიბუნიდან, 2016 წლის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი კოლეგებს რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო გაქტიურებული ოკუპაციის შესახებ ესაუბრება.

"2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია,"-თქვა მან.

რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას კვლავ ემხრობა და მადლობას მოახსენებს გაეროს რეზოლუციისთვის, რომელიც ყოველწლიურად დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების ახალ იმედს აძლევს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ კოლეგებს,რომლებაც თავიანთი გამოსვლის დროს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს. გენერალური ასამბლეის დებატებზე პრემიერ-მინისტრი შერიგების პოლიტიკაზე საუბრობს.

"საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალი ინსტრუმენტებით. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მივაწოდოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩვენი ინიციატივების არსებითი პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იძლევა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადაკვეთით სავაჭრო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს გლობალურ ბაზრებზე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს,"-აღნიშნა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ამ პოლიტიკაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს:

"ჩვენ მოველით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ეს პროექტები კიდევ უფრო აქტიურად განვითარდება და ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს რომ ეს შესაძლებლობები იქნას ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის,"-ხაზი გაუსვა ჯანელიძემ.

გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლამდე, გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მიიღო, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გენერალურმა მდივანმა წუხილი გამოთქვა გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვის გამო. იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება ხელისუფლების ახალი წინადადებები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის და ქართული ენის დევნის პირობებში, თედო ჯაფარიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა ისაუბრეს.

" ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამაზე ვსაუბრობთ და ვეძებთ ახალ გზებს და მგონი ახალი დინამიკა იქნება კონფლიქტების მოგვარების და იმ მიმართულებით, რასაც ადამიანებს შორის დაახლოვება ჰქვია. ამ მიმართულებით სიახლეები გამოჩნდება,"-თქვა თედო ჯაფარიძემ.

დავით ზალკანიანი კი ფიქრობს, რომ საქართველო წელს იყო მართლაც ბევრი მსოფლიო ლიდერის გამოსვლის ცენტრში, "რადგან საუბარი იყო იმ პრობლემაზე, რომელიც შექმნილი არის ოკუპირებულ ტეროტორიაზე და იყო მოწოდება ლიდერების მხრიდან, რომ საჭიროა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და გაერთიანება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ჩვენი დიპლომატიური ყოველდღიური საქმიანობაც აქეთ არის მიმართული,-"დასძინა მან.

გაეროს ახალი გენერალურმა მდივანმა, რომელიც ამ პოსტზე ორგანიზაციის რეფორმირების იდეებით მოვიდა, სახელმწიფოთა ლიდერებს მოდერნიზაციის გეგმა უკვე შესთავაზა, რაც 193 წევრიდან 130 უკვე გაიზიარა. გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენელი გაეროს რეფორმირების გეგმა სამ კომპონენტს მოიცავს - განვითარებას, მენეჯმენტს და უსაფრთხოების და მშვიდობის ნაწილს. ყველაზე მეტი კრიტიკა სწორედ უსაფრთხოების და მშვიდობის კომპონენტს აქვს, უშიშროების საბჭოში რუსეთის და სხვა ქვეყნების ვეტოს უფლების გამო.

კახა იმნაძემ კერძოდ გვითხრა: "უფრო ქმედითი რომ გახდეს, ეს ორგანიზაცია უნდა შეიცვალოს- სამუშაო მეთოდები, თუნდაც იგივე ვეტოს უფლება და ასე შემდეგ. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. იმისთვის, რომ პროცესი იყოს წარმატებული, კონსენსუსი უნდა იქნას მიღწეული, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა არის რთული, როდესაც არსებობს განსხვავებული ინტერესები. თუმცა საბოლოოდ მაინც მიიღწევა საერთაშორისო ზეწოლით და მორალური პრესინგით,"-გვითხრა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG