ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიონობით ლტოლვილი ბავშვი სასკოლო განათლებას ვერ იღებს


„გაეროს ლტოლვილთა სააგენტო“ აცხადებს, რომ მსოფლიოში დაახლობით 4 მილიონი ლტოლვილი ბავშვია, რომლებსაც განათლების სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. სააგენტო აცხადებს, რომ ეს ვითარება, როგორც ამ ბავშვების განვითარებისთვის, ისე იმ საზოგადოებების კეთილდღეობისთვისაა საზიანო, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ.

სააგენტოს ცნობით, იმ ბავშვთა რიცხვი, რომლებიც სკოლებში დადიან და განათლებას იღებენ, არ იზრდება იმავე ტემპით, როგორითაც, ზოგადად, ლტოლვილთა რაოდენობა.

„გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს“ მონაცემებით, 20 მილიონამდე ლტოლვილიდან თითქმის ნახევარზე მეტი ბავშვია. განათლების საკითხებში უფროსი მრჩეველი ირა შეი ამბობს, რომ ლტოლვილ ბავშვთა 61 % დაწყებით სკოლებში დადის, თუმცა ეს ციფრები 23 %-მდე მცირდება სკოლის შემდეგი საფეხურისთვის.

თუ მონაცემებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 5-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ ლტოლვილი ბავშვები სკოლაში არ ივლიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბავშვი მსოფლიოში. მონაცემები კიდევ უფრო საგანგაშოა, როდესაც უმაღლესი განათლების საკითხს ვსწავლობთ. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, არ გაზრდილა იმ ლტოლვილთა წილი, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ და ეს ციფრი კვლავ არ აღემატება 1 %-ს“, - ამბობს ირა შეი.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ლტოლვილთა 92 % განვითარებად ქვეყნებში იმყოფება. ეს დამატებით ბარიერებს ქმნის, რადგან ეკონომიკური სიძნელეების მქონე ქვეყნებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა საკუთარი მოქალაქეებისთვისაც პრობლემურია, არათუ მხოლოდ ლტოლვილი ბავშვებისთვის.

„გაეროს ლტოლვილთა სააგენტო“ მოუწოდებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ლტოლვილები მიიღეს, მეტად ჩართონ ბავშვები ეროვნული განათლების სისტემებში. სააგენტოს მტკიცებით, ამგვარი ერთიანი მიდგომა, მოქალაქე და ლტოლვილი ბავშვების ერთ საგანმანათლებლო სივრცეში მოქცევა ბევრად უკეთეს შედეგებს გამოიღებს, ვიდრე მათთვის განსხვავებული სერვისების მიწოდება. სააგენტო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებს, მეტი ინვესტიცია ჩადონ ლტოლვილი ბავშვების განათლებაში და დაეხმარონ ლტოლვილთა მიმღებ ქვეყნებს მათ საერთო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაში.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG