ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი და ინვესტიცია


უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა რუსეთს საინვესტიციო გარემო შეუცვალა

2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარმა ომმა დასავლეთის კრიტიკა გამოიწვია და ინვესტორებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მსგავსი პოლიტიკა რუსეთმა საქართველოს ორ რეგიონში გაატარა. ომი ინვესტიციის სფეროში ძირითადად გაურკვევლობას და რისკებს უკავშირდება.

1998 წელს ინვესტორებმა რუსეთში საკმაოდ ცუდი გამოცდილება მიიღეს, როდესაც რუსეთმა მილიონობით დოლარის სესხის გასტუმრება ვერ შეძლო და ქვეყანა დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თუმცა უკრაინა-რუსეთის საინვესტიციო მრჩეველთა ფირმის ექსპერტი რიჩ სმიტი ამბობს, რომ მიუხედავად რისკებისა, ინვესტორები ყოველთვის ბრუნდებიან იმ ადგილზე, სადაც ფულის კეთება შეიძლება:

„ამერიკული ნავთობ-კომპანიები რუსეთში ინვესტიციებს კვლავ აბანდებენ, მწარმოებლებიც აქტიურად ყიდიან რუსეთში ამერიკულ საქონელს. ასე რომ, ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ და ავიწყდებათ, რომ მსგავსი ფაქტები რუსეთში გამუდმებით ხდება, თუმცა ისინი ხანმოკლეა და ქვეყანა ჩვეულებრივ რიტმს მალე უბრუნდება.“

"ჰერითიჯ კეპიტალ მენეჯმენტის" დამფუძნებელმა უილიამ ბრაუდერმა თავის დროზე რუსეთში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო და ამბობს, რომ იქ საინვესტიციო გარემო უკიდურესად არასაიმედოა:

„რუსეთში კანონები არ მოქმედებს . საკუთრების უფლება პრაქტიკულად არ არსებობს. ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაციის გამო ინვესტორმა შეიძლება უზარმაზარი თანხები დაკარგოს.“

ბრაუდერის თქმით, მისი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი იმის გამო, რომ რუსეთის პოლიციას კორუფციაში დებდა ბრალს, ციხეში ცემით მოკლეს. პოლიციამ ბრაუდერი და მაგნიტსკი მილიონობით დოლარის საგადასახადო თაღლითობაში იქით დაადანაშაულა, რასაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის სანქციების მუქარით უპასუხა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა ამერიკაში რუსი ბავშვების გაშვილება კანონით აკრძალა.

ახლა უილიამ ბრაუდერი ლონდონში ცხოვრობს და ამბობს, რომ რუსეთში კორუფცია კვლავაც მძვინვარებს. დღემდე მისი საქმე რუსეთის სასამართლოს განხილვაშია და უცნობი პირები მას რუსეთიდან გამუდმებით სიკვდილით ემუქრებიან.

„როდესაც სახელმწიფო ბიზნესის, გეოპოლიტიკის და ხალხის წინააღმდეგ მსგავს მტრულ გარემოს ქმნის, შეუძლებელია იქ ვინმემ ბიზნესი აწარმოოს. ის რაც ახლა ხდება, რუსეთში ყოველ წუთას შეიძლება განმეორდეს.“

უკრაინაში დაძაბული სიტუაცია რუსეთის საინვესტიციო გარემოს უფრო მეტად რთულს და დაძაბულს ხდის. ვაშინგტონი რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებისთვის ემზადება. იგივე პრობლემები მოელის უკრაინასაც. ევროკავშირმა უკრაინის რამდენიმე მაღალჩინოსანს ევროპის ბანკებში ანგარიშები გაუყინა, თუმცა მზადაა იმისთვის, რომ უკრაინას მილიარდობით დოლარით დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG