ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის საინფორმაციო ომი


კრემლის მიერ კონტროლირებული მედია ყირიმში შეჭრის გასამართლებლად ფართომასშტაბიან საინფორმაციო ომს აწარმოებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00
ბმული

საკუთარი მოკავშირის, უკრაინის პრეზიდენტ -ვიქტორ იანუკოვიჩის- განდევნისთანავე, რუსი ჯარისკაცები ყირიმში შეიჭრნენ. ამ ფაქტს რუსეთის მხრიდან ძალზე აგრესიული საინფორმაციო ომის წარმოება ახლდა თან. მოსკოვის პროპაგანდა დღესაც მაქსიმალურად ცდილობს უკრაინულ ნახევარკუნძულზე რუსული ინტერვენცია გაამართლოს. რუსული მედიის მტკიცებით, არმიის დამატებითი ნაწილები კრემლმა იქ ადგილობრივი რუსი მოქალაქეების დასაცავად გადაისროლა, რადგან მათ უკრაინელი ე.წ. ნეო-ნაცისტები და ექსტრემისტები საფრთხეს უქმნიდნენ.

პოსტრევოლუციური უკრაინის გარდამავალ მთავრობას ჯერჯერობით არც საკმარისი რესურსი და არც სათანადო დრო აქვს იმისთვის, რომ მოსკოვის მიერ მოვლენების ინტერპრეტაციას შესაბამისად უპასუხოს. მინისტრების უმრავლესობის პრეს-ოფისები არ მუშაობს. თუმცა, რიგითი უკრაინელები მაქსიმალურად ცდილობენ კრემლის პროპაგანდას საკუთარი ძალებით დაუპირისპირდნენ.

უკრაინაში საზოგადოებრივ საწყისებზე საინფორმაციო ცენტრები იქმნება. ერთ-ერთ ასეთი პრეს-ცენტრს ბინა კიევის სასტუმრო „უკრაინაში“ უდევს. იქ თავი კერძო სექტორში მომუშავე უკრაინელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა მოიყარეს. მათ სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ალინა ფროლოვა ხელმძღვანელობს.

„როცა რუსული ჯარების შემოჭრა დაიწყო, ჩვენ ყველანი შოკში ვიყავით. შემდეგ იმის რეალიზება მოხდა, რომ მთავრობა ჯერ ძალზე ახალგაზრდაა და უამრავი სხვა პრობლემა აქვს. ამიტომ უკრაინის ინფორმაციული თავდაცვის უზრუნველყოფისთვის მას დრო არ ექნება. დავიწყეთ ერთმანეთთან რეკვა და ვუხსნიდით, რომ უკრაინის საინფორმაციო თავდაცვაზე ზრუნვა ჩვენ უნდა დავიწყოთ, რათა დამოუკიდებელი და სანდო საინფორმაციო წყარო შევქმნათ“ - ყვება ალინა.

მათ ცენტრის ჩამოყალიბება საკმაოდ სწრაფად შეძლეს, თუმცა დაფინანსების წყარო სააგენტოს დღემდე არ გააჩნია. ალინას თქმით, ხელისუფლება მათ არ აფინანსებს და ძირითადად მოხალისეების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული.

„მთლიანად მოხალისეებით ვართ დაკომპლექტებული. ჩვენთან მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმის, რეკლამის, კომუნიკაციების, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიონალები“ - ამბობს სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი.

კრიზისის ცენტრი მომხმარებელს საკუთარ საინფორმაციო თხრობის ხაზს არ სთავაზობს. ის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს და უკრაინელ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ბიზნესმენებს თუ სტუმრად ჩამოსულ უცხოელ ოფიციალურ პირებს პრესკონფერენციების მოწყობაში ეხმარება. შემდეგ კი ცენტრი სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და „ტვიტერის“ მეშვეობით პრეს-რელიზებს ავრცელებს.

მოსკოვის სიცრუეზე აგებულ პროპაგანდას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც უპასუხა. 10-პუნქტიანი დოკუმენტში, სახელწოდებით „პრეზიდენტ პუტინის ფიქცია: 10 ცრუ მტკიცება უკრაინაზე“, საგარეო უწყება უკრაინაში მოვლენების განვითარების კრემლისეულ ვერსიებს აბათილებს. „მას შემდეგ, რაც დოსტოევსკიმ დაწერა, რომ ფორმულას ორჯერ ორი უდრის ხუთს - საკუთარი მომხიბვლელობა აქვს, ასეთი გასაოცარი რუსული თხზულება ჯერ არავის უნახავს“ - ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვერსიას 18 წლის უკრაინელი ბიჭი, სვიატისლავ იურაშიც ეთანხმება. ის ბევრი სხვა თანამოაზრის მსგავსად, დამოუკიდებლად ცდილობს რუსული მედიის აგრესიულ პროპაგანდას დაუპირისპირდეს. მან იანვარში საგანგებო ვებგვერდი შექმნა, სახელწოდებით „ევრომეიდნის პი-არი“ (EvroMaidanPR).

„ვცდილობთ ფაქტებით მეტი უზრუნველყოფა მოხდეს, რათა უკეთესად წარმოვაჩინოთ ის, რაც სინამდვილეში ხდება ქვეყნის აღმოსავლეთით, სამხრეთით, ანდა ყირიმში... რუსეთმა აშკარა ტყუილებზე დაფუძნებული კამპანია წამოიწყო. ამასწინათ ტელეკომპანია „რაშა თუდეიში“ წამყვანების მიერ დემონსტრატიულად სამსახურის დატოვების ფაქტები გამოვაქვეყნეთ. ერთ-ერთმა წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აღარ შეუძლია ამდენი ტყუილის გადაცემა“ - ამბობს სვიატისლავი.

ყირიმში მზარდი დაძაბულობის ფონზე, რუსეთი პროპაგანდას კიდევ უფრო გააძლიერებს. თუმცა, უკრაინაც შედარებით ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ცდილობს მას სიმართლე დაუპირისპიროს.
XS
SM
MD
LG