ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაცენიუკის ამერიკაში ვიზიტის მნიშვნელობა


იმოქმედებს თუ არა უკრაინის პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ყირიმის რეფერენდუმზე და ზოგადად რუსული არმიის გადაადგილებებზე?

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. ის უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს პრეზიდენტ ობამასთან, სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, სხვა ამერიკის ოფიციალურ პირებთან და გაერთიანებული ორგანიზაციის შტაბბინაში. რამდენად იმოქმედებს უკრაინის პრემიერის ვიზიტი ყირიმის რეფერენდუმზე და ზოგადად, რუსეთის ჯარების შემდგომ გადაადგილებებზე უკრაინაში?

რუსეთი საკმაოდ ღია და გარკვეულ სიგნალს იძლევა: დიპლომატიური ფუსფუსის გააქტიურება ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმზე დიდად არ იმოქმედებს და ის საკუთარ გეგმას ბოლომდე მიიყვანს, რათა ყირიმზე სრული კონტროლი განახორციელოს. პიტერ ელცოვი ვაშინგტონელი ანალიტიკოსია. მისი აზრით, იმის მიუხედავად, თუ ოფიციალურად რა ერქმევა ყირიმის სტატუსს, ის უკრაინისთვის უკვე დაკარგულია. თუმცა, უკრაინამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ რუსეთი ამაზე შორს აღარ წავიდეს.

ბმული

ეს უკრაინის მთავრობის ყველაზე დიდი შიშია და უმეტესად, პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზეა დამოკიდებული. პუტინი შეეცდება აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე შესვლას. აუცილებლად უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ის გარემოება, რომ რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

მის შეხედულებას სტეფან ბლენკი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსიც იზიარებს. ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში ბრალს ევროკავშირსაც დებს და აცხადებს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეჭრაზე ევროკავშირს საკმაოდ უსუსური რეაქცია ჰქონდა.

„რეალურად არ ყოფილა კარგად ორგანიზებული ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მათი მხრიდან არ განხორციელებულა სისტემატური სტრატეგიული სამხედრო ქმედება, რათა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა განმტკიცებულიყო. მე რომ პუტინი ვიყო, ჩავთვლიდი, რომ ყველაფერი შემრჩა. საბოლოო ჯამში ეს ასე არ მოხდება, მაგრამ აქამდე, პრაქტიკულად, ძალზე ცოტა ზომა იქნა მიღებული. და თუ რაიმე გაკეთდა საერთოდ, ეს ქმედებები არ იყო კოორდინირებული“ - აცხადებს სტეფან ბლენკი.

იაცენიუკის ვიზიტს ვაშინგტონში და ნიუ იორკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. პიტერ ელცოვის თქმით, უკრაინის გარდამავალ მთავრობას არამარტო რუსეთის შემდგომი გადაადგილების აღკვეთა სურს, არამედ გადარჩენისთვის გადაუდებელი ეკონომიკური მხარდაჭერაც ესაჭიროება. პოლიტოლოგის აზრით, მართალია, აღმოსავლეთ უკრაინის ბევრ რუსულად მოლაპარაკე რეგიონში რუსეთის ინტერვენციას გმობენ, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს. მას მაგალითად ყოფილი იუგოსლავიის შემთხვევა მოჰყავს, სადაც პოლიტიკური ვითარების მიხედვით, თითქმის ერთ ღამეში იცვლებოდა განწყობები. ეს კი უკრაინის მოვლენებში კიდევ უფრო საშიშ განვითარებას მოიტანს.

ელცოვი არ გამორიცხავს, რომ პუტინის შემდგომი ნაბიჯი შესაძლოა არა ევროპისკენ, არამედ აზიის მიმართულებით იყოს გადადგმული. მაგალითად ისეთი ქვეყნისკენ, როგორიცაა ყაზახეთი.

„პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არც ისე წარმოუდგენელია, რომ მას ჩრდილოეთ ყაზახეთის წართმევა მოუნდეს. იქ ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. თუმცა, ეს ბევრად უფრო რთული წამოწყება იქნებოდა“ - ამბობს ის.

რაც შეეხება სიტუაციის შემდგომი გართულების თავიდან აცილებას, ანალიტიკოსები თვლიან, რომ პრევენციის საუკეთესო საშუალება ნატოს - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძალების განლაგება იქნებოდა ე.წ. მგრძნობიარე ტერიტორიებზე. მითუმეტეს, რომ რუსეთი ვერ გაბედავს ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრას იმის მიუხედავად, რომ იქ რუსულენოვანი მოსახლეობაც ცხოვრობს. საუბარია ლიტვა, ლატვია და ესტონეთზე. შესაბამისად, ანალიტიკოსის თქმით, საშიშროება ემუქრება რუსეთის მოსაზღვრე ისეთ ქვეყნებს, რომელთაც სუსტი არმია ჰყავთ და ფინანსურადაც არც ისე ძლიერად გამოიყურებიან.
XS
SM
MD
LG