ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა უკრაინისთვის


ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესაძლო ინტერპრეტაციებზე მიდიოდა მსჯელობა, ორად გახლეჩილი უკრაინის პერსპექტივა საკმაოდ შორეული ჩანდა. რუსეთის მხრიდან ასეთი რადიკალური ნაბიჯების დაშვება და ამგვარი ხისტი პოლიტიკის წარმოებაზე პროგნოზების გაკეთება უხერხულადაც კი გამოიყურებოდა. დღეს რუსული სიხისტისა და რადიკალურობის შესახებ, მხოლოდ რეალობის კონტექსტში შეიძლება საუბარი ცალსახად და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. დაახლოებით ერთი თვის წინ ამერიკის ხმასთან საუბრისას ლევან ცუცქირიძემ, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის სამხრეთ კავკასიის წარმომაგენელმა განაცხადა: უკრაინა საკმაოდ დიდი პრიზია იმისთვის, რომ რუსეთმა მასზე უარი თქვას.

დღეს მსოფლიო ცხადად ხედავს უკრაინის გახლეჩვის საფრთხეს. უკრაინის გაქცეული პრეზიდენტი, რომელიც როსტოვში იმყოფება და კიევში ჩასვლას ვერ ბედავს, აცხადებს, რომ უკრაინული ოპოზიცია, რომელმაც ახლა უკვე ხელისუფლებაში ადგილები გადაინაწილა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ვერ უზრუნველყოფს. იანუკოვიჩი დასავლეთს მიმართავს სიტყვებით, რომ მათ დაავიწყდათ რას ნიშნავს ფაშიზმი. „არ შემიძლია შეშფოთების გარეშე ვუყურო, რაც ხდება უკრაინაში. ვითომც კანონიერი ხელისუფლების მიღმა ქვეყანაში ნაციონალისტები და ნეოფაშისტები მოქმედებენ, რომლებიც პრეზიდენტობას აპირებენ. დაფიქრდით, მათ სურთ, რომ სამოქალქო ომი დაიწყონ. მინდა ვუთხრა ამ ბნელი ძალის მფარველებს: დაბრმავდით, მეხსიერება დაკარგეთ, დაგავიწყდათ რა არის ფაშიზმი? მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და მე დავბრუნდები“,- ასეთია იანუკოვიჩის განცხადება.

რუსი საჯარისო დანაყოფები კი ყირიმის ნახევარკუნძულს აკონტროლებენ. სიმფეროპოლში მათ ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უკრაინაში პროვოცირებული სეპარატიზმი შესაძლოა გადამდები აღმოჩნდეს სხვა რეგიონებისთვის მსოფლიოში.

სიახლეს არავისთვის წარმოადგენს ფაქტი, რომ რუსეთისთვის უკრაინის დაკარგვა უმძიმესი პოლიტიკური დარტყმა იქნება. ამით მისი „ძლევამოსილების შუქი“ ბჟუტვას დაიწყებს. სხვა საკითხია, სადამდე მისცემს თავს უფლებას დასავლეთი მხარი დაუჭიროს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის.
ირაკლი სესიაშვილი: „ეს არაა მხოლოდ უკრაინელების პრობლემა, ესაა უკვე საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ გაბრძოლება, რაც შეიძლება სახიფათო იყოს მომავლისთვის, როგორც რუსეთის მხრიდან წამოსული საფრთხეების თვალსაზრისით, ასევე იმ რეგიონებში, სადაც სეპარატისტული მიდგომებია, ამიტომ ამ პროცესის შეჩერება, ეს ნიშნავს მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფას და პირიქით, თუ ეს პროპცესი არ შეჩერდა, მსოფლიომ შეიძლება სხვადასხვა წერტილებში დამატებით მიიღოს მსგავსი ტიპის სეპარატისტული და იმერიალისტური მიდგომები.

- დემოკრატიის სიმწირის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლებაში, ის მაინც არის მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე. რას კარგავს რუსეთი უკრაინაზე პოლიტიკურად უარის თქმით.
რომ არ იყოს პოლარული პოლიტიკური ინტერესები, თავისთავად, შესაძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის გაცილებით იოლად მოგვარება. მაგრამ რუსეთი თვლის, რომ თუკი პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთმა შემოაღწია, ეს მის რღვევას გამოიწვევს. რამდენადაა ეს არგუმენტი საფუძვლიანი, ამაზე შესაძლებელია საუბარი. შესაძლოა საპირისპიროდაც იყოს საქმე.

- რა შეთავაზება ექნება საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოვა გამარჯვებული უკრაინაში?
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ძალიან მწვავე კრიზისი, ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციებზე, რაც შეეხება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. ასევე ვრჩებით პოზიციებზე, რომ დასავლეთთან ერთად უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის პოზიციებს გაიმაგრებს ურაინაში, ჩვენი მოთხოვნა უფრო საფუძლიანი და უფრო გაძლიერებული იქნება. ამ შემთხვევაში დასავლეთი აწონ დაწონის და მე ვფიქრობ, არის რესურსი იმისა, დასავლეთმა უფრო სწაფად მიიღოს გადაწყვეტილება ამ კარის უფრო სწრაფად გახსნის თაობაზე.“

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ რომლის ვიზიტიც საქართველოში უკვე დაგეგმილია, უარი თქვა პუტინთან შეხვედრაზე იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში კრიზისის მოგვარების თაობაზე აშშ-ს წინადადებით არ დაინტერესდება.
XS
SM
MD
LG