ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ამბობს, რომ ალყაში მყოფ მარიუპოლს კვლავ იცავენ უკრაინელი ჯარისკაცები


უკრაინაში აცხადებენ, რომ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცები რჩებიან და აგრძელებენ ქალაქის დაცვას. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდაცვის ძალები მარიუპოლის პორტში არიან გამაგრებული. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა ათასობით მოქალაქე უკვე მოკლეს მარიუპოლში.

"კომუნიკაცია თავდაცვის დანაყოფებთან, რომლებიც გმირულად იცავენ ქალაქს, სტაბილური და შენარჩუნებულია", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი.

"ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გამარჯვებისთვის და ჩვენი პერსონალისა და მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა მიმართულებით. გჯეროთ უკრაინის შეიარაღებული ძალების!" - ვკითხულობთ გენერლის ფეისბუქ გვერდზე.

"ფეისბუქზე" განცხადება გამოაქვეყნეს უკრაინის საზღვაო ქვეითებმაც. ისინი ამბობენ, რომ "უკანასკნელი ბრძოლისთვის" ემზადებიან. საზღვაო ქვეითები ამბობენ, რომ საბრძოლოდ ტყვია-წამალი და რესურსი უთავდებათ და ეს ბოლო ბრძოლა მათი ნაწილისთვის სიკვდილით, ნაწილისთვის კი ტყვედ ჩავარდნით დასრულდება. გენერლის განცხადება, სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოხდა.

მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიაშენკო ამბობს, რომ საზღვაო ქვეითების გვერდი გატეხეს და მათი განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება. სააგენტო "როიტერმა" ვერ შეძლო ამ ინფორმაციის გადამოწმება.

მას შემდეგ, რაც კიევის მისდგომებზე კონტროლი კვლავ უკრაინამ დაიკავა, ბრძოლის მთავარი ხაზი აღმოსავლეთ უკრაინაზე და მათ შორის მარიუპოლზე გადის.

XS
SM
MD
LG