ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტს ისევ ბლოკავს, ამბობს კიევი


მარცვლეულის ტერმინალი ოდესაში, უკრაინა. 9 აგვისტო, 2022 წ.
მარცვლეულის ტერმინალი ოდესაში, უკრაინა. 9 აგვისტო, 2022 წ.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ აყოვნებს გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულებას, რომელსაც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი უნდა განეახლებინა. განცხადება ხუთშაბათს, 1 ივნისს, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა სატვირთო გემების რეგისტრაცია ისევ შეაჩერა.

"სტამბოლის ერთობლივი კოორდინაციის ცენტრმა განაცხადა, რომ შეუძლებელია 1 ივნისისთვის ინსპექციის გეგმის შემუშავება, რუსეთის მხრიდან მორიგი დაუსაბუთებელი უარის გამო. რუსეთის დელეგაცია არ არეგისტრირებს ინიციატივაში მონაწილე შემომავალი გემების ქარავანს" - დაწერა უკრაინის სამინისტრომ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

უკრაინის განახლების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასევე თქვა, რომ მაისის ბოლო ორ დღეში რუსეთმა ინსპექცტირებისთვის რეგისტრაციაში მხოლოდ ერთი გემი გაატარა. მოსკოვს განმარტება ამასთან დაკავშირებით არც გაუკეთებია, რაც შეთანხმების "უხეშ დარღვევას" წარმოადგენს - აცხადებს კიევი.

რუსეთს საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, განმარტება გაეროს სპიკერმა სტეფანი დუჟანიკმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლმა აუწყა შეთანხმების მონაწილე მხარეებს, რომ ლიმიტს უწესებს გემების რეგისტრაციას ოდესის რაიონის საპორტო ქალაქ პივდენნიდან, ვიდრე მხარეები რუსეთიდან ამონიუმის ტრანზიტს არ დათანხმდებიან.

დუჟანიკი აცხადებს, რომ შეთანხმების მონაწილე გემების რეგისტრაციაში პროცესის თანდათანობითი "შენელება" გრძელდება. აპრილიდან მაისის ჩათვლით, სატვირთო გემების რეგისტრაციის საშუალო მაჩვენებელი დღიურად მხოლოდ 3 გემს შეადგენს. მათი უმეტესობა, დაახლოებით 50 გემი სტამბოლთან, ბოსფორის სრუტეშია თავმოყრილი. "ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა. წინ უნდა წავიდეთ" - უთხრა დუჟანიკმა ნიუ-იორკში, გაეროს ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს.

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვმა შავ ზღვის უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის და სასუქის ექსპორტი დაბლოკა. გაეროს და თურქეთის ინიციატივით მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, პირველადი შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა, რომელიც შემდეგ სამჯერ გაგრძელდა.

ვინაიდან უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია, მოლაპარაკების მიზანი გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილება იყო. იმისთვის, რომ რუსეთი შეთანხმებაზე წასულიყო, გაერო მოსკოვს დაპირდა, რომ მას საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში 3 წლის მანძილზე დაეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG