ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი გაათავისუფლა


ვოლოდიმირ ცემახი

უკრაინაში, სააპელაციო სასამართლომ დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლა ვოლოდიმირ ცემახი. ეს არის წარმოშობით უკრაინელი ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია 5 წლის წინ მომხდარი მალიზიური ავიახაზების კუთვნილი, "ბოინგის" წარმოების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაში. თვითმფრინავზე მყოფი 298-ივე ადამიანი დაიღუპა.

ბრალდების მიხედვით, სწორედ ცემახი ხელმძღვანელობდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტთა ქვედანაყოფს, რომელმაც რეისის "ემ-ეიჩ-17" (MH-17) მიმართულებით რუსული იარაღი "ბუკი" ისროლა. ის ჰოლანდიის ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო გამოძიებას უნდა დაეკითხა.

ვიცე-პოლკოვნიკი ცემახი რუსეთის მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორიიდან რამდენიმე თვის წინ უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და კიევში გადაიყვანეს. მისი მოულოდნელი გათავისუფლება მოსკოვს და კიევს შორის მიმდინარე ტყვეთა გაცვლის მოლაპარაკებას ემთხვევა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცემახი კრემლის მიერ წარდგენილთა სიაშია.

დღესვე, ვლოდივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ტყვეთა გაცვლაზე საბოლოო შეთანხმებასთან "ახლოს" არიან. პრეზიდენტის თქმით, "ეს იქნებოდა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯი [უკრაინასთან] ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ".

რუსეთს დღემდე დაკავებული ჰყავს 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც ანექსირებულ ყირიმთან ახლოს, ქერჩის სრუტეში, შარშან ნოემბერში დააკავეს. ასევე დაკავებულია რეჟისორი ოლეგ სენცოვი და ბევრი სხვა, რომელთაც უფლებადამცველები რუსეთის პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG