ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ხარკივთან კონტრშეტევაზე გადადის


უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, სამშაბათს განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა დაიბრუნეს სოფლების ნაწილი, რომელზე კონტროლიც აქამდე რუსეთის ჯარს ჰქონდა. უკრაინელები ამბობენ, რომ მასშტაბურ კონტრშეტევაზე გადავიდნენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რაც შეიძლება ომში მხარეების პოზიციების ცვლილებას მიუთითებდეს და რამაც, ასევე შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რუსეთის ჯარის წინსვლას უკრაინის აღმოსავლეთში.

პარალელურად, აფეთქებებისა და სირენების ხმა ისმოდა ოდესაში, სადაც სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოდესა, რომელიც უკრაინის წამყვანი პორტია, უკანასკნელი კვირების განმავლობაში, აქტიური საჰაერო იერიშის სამიზნეა.

ტეტიანა აპაჩენკომ, უკრაინის 92-ე მექანიზებული ბრიგადის პრეს-სპიკერმა, დაადასტურა, რომ უკრაინულმა ჯარებმა ბოლო დღეებში დაიბრუნეს შემდეგი დასახლებები: ჩერკასკი ტიშკი, რუსკი ტიშკი, ბორშჩოვა და სლობოჟანსკე. ყველა ეს დასახლება ხარკივის ჩრდილოეთით მდებარეობს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ლექსიკონი რეზნიკოვის მოადგილე, იური საკსი კი აცხადებს, რომ უკრაინული ჯარი წარმატებულად აიძულებს რუსულ არტილერიას დაიხიოს უკან და ხარკივის ნაწილების გათავისუფლებაზე მუშაობს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია ხარკივის ირგვლივ, განსაკუთრებით მის ჩრდილო-აღმოსავლეთში, გარკვეულწილად, წარმატების ისტორიაა",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

უკრაინელების კონტრშეტევა, შესაძლოა, ომის ახალ ეტაპზე მიანიშნებდეს. კიევის შემოგარენის გათავისუფლების შემდეგ, ახლა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ქალაქის, ხარკივის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლება, უკრაინული მხარისთვის მნიშვენლოვანი წინსვლაა. კონტრშეტევის წყალობით, უკრაინელები რუსულ ჯარს ქვეყნის სამხრეთ საზღვრისკენ ხევენ.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თავდაპირველი სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი და მოქმედი მთავრობის ჩამოგდება იყო, თუმცა რუსულმა არმიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ახლა ფრონტის ძირითადმა ხაზმა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლა.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა მარიუპოლში, სადაც ტერიტორიის უდიდეს ნაწილს რუსები აკონტროლებენ. აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი "აზოვის" პოლკის ჯარისკაცები კი ალყაში არიან მოქცეული.

XS
SM
MD
LG