ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში პროტესტი გრძელდება


ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკურულების გაფორმების მოთხოვნით აქციები უკრაინის სხვადსხვა ქალაქებში იმართება

პროტესტის მესამე დღეს, უკრაინის დედაქალაქში, კიევის ცენტრში დაახლოებით 3000 დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ევროკავშირთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას ისევ მოითხოვენ. აქციები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. გასულ კვირას უკრაინამ რუსეთთან კავშირების გაღრმავების სასარგებლოდ, ევროპის გაოცება შეძლო თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით იმის თაობაზე, რომ ევროგაერთიანებასთან შეთანხმებას აღარ აფორმებს. კიევის საპროტესტო აქციების შესახებ ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი მოგვითხრობს.

ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლები კიევის ცენტრში, ევროპის მოედანზე შეკრებილი ხალხის მატებასთან ერთად სამშაბათს ისევ გაძლიერდა.
მომიტინგეებს შორის უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკოც იმყოფებოდა.

იური ლუცენკო: ჩვენი გეგმა მარტივია - მოვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ხელშეკრულებას მოწეროს ხელი. და თუკი ის ამას არ გააკეთებს, პარლამენტის ბლოკირებას მოვახდენთ და ვადამდელი არჩევნების დანიშნვას მოვითხოვთ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვალოს.

მომიტინგეებს მსოფლიოს ჩემპიონი ბოქსში, ვიტალი კლიჩკოც უჭერს მხარს. ის ამჟამად უკრაინის დემოკრატიული ალიანსის და რეფორმების პარტიის ლიდერია.

ვიტალი კლიჩკო: მე ოპტიმისტი ვარ. იმედი მაქვს, რომ უკრაინელებს მოუნდებათ მსოფლიოს დაანახონ თავიანთი ნება და მოისურვებენ იცხოვრონ ევროპული ტიპის ქვეყანაში თავის ევროპული ცხოვრების სტანდარტების მიხედვით. ამისათვის ჩვენ რეფორმების გატარება გვჭირდება, რისთვისაც ვილნიუსში ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებაა აუცილებელი.

ათასობით სტუდენტი შეუერთდა მიტინგს სხვა საპროტესტო ადგილზე, კიევის თავისუფლების სკვერში, რომელიც 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის ეპიცენტრს წარმოადგენდა. მომიტინგეებს შორის ვიტალი სიჩინსკიც იყო.

ვიტალი სიჩინსკი: ჩემი სურვილია შვილები ევროპული ტიპის ქვეყანაში გავზარდო, სადაც ევროპული კანონები და ცხოვრების სტანდარტები იქნება.

ალექსეი ენდროსკი და მისი მეგობრები კიევში პროტესტის გამოსახატავად უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილიდან, პრო-რუსული, ქვანახშირის მწარმოებელი ქალაქიდან ჩავიდნენ.

ალექსეი ენდორსკი: 73 წლის მანძილზე ჩვენ საბჭოთა კანონებით ვცხოვრობდით. შემდეგ 20 წელი რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი იყო. ახლა გვჭირდება კიდევ 20 წელი იმისთვის, რომ გავიგოთ რას ნიშნავს ევროკავშირში ყოფნა და გადავწყვიტოთ, რა არის უკეთესი ჩვენთვის.

მომიტინგეების მოთხოვნის საპასუხოდ, სამშაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთმა სთხოვა ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების გადავადება.

მიკოლა აზაროვი: არანაირად არ გვსურს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ორთაბრძოლის ეპიცენტრში ვიყოთ. მათ სურთ, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც რუსეთთან, ასევე ევროკავშირთან და მდგომარეობა ამ მიმართულებებით განვითარდეს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი ვილნიუსში ევროკავშირის სამიტს დაესწრება.

იტალიაში ვიზიტის დროს, სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკას საფრთხე შეექმნება. თუმცა მან უარყო ევროკავშირის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ რუსეთმა აიძულა უკრაინა ხელშეკრულების გაფორმებაზე ეთქვა უარი.

ვლადიმერ პუტინი: ვისთან გააფორმებს უკრაინა ხელშეკრულებას ეს მისი სუვერენული უფლებაა და მისი გადასაწყვეტია. ასევე მან დაამატა, რომ ისინი ამ მხრივ, ყველანაირ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

ნარინჯისფერი რევოლუციიდან ცხრა წლის შემდეგ, საპროტესტო აქციებზე პროტესტის გამომხატველი ფერები ევროკავშირის დროშის ფერების შესაბამისად, ლურჯად და ოქროსფრად შეიცვალა.

თუმცა უკრაინას ისევ ვერ გადაუწყვეტია, თავის პოლიტიკური მომავალი დასავლეთს თუ აღმოსავლეთს დაუკავშიროს.
XS
SM
MD
LG