ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლიდან ევაკუაცია კვლავ შეფერხდა


ევაკუაცია უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან

დღეს უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ისევ შეფერხდა. ასობით ადამიანი ჯერ კიდევ "აზოვსტალის" მეტალურგიულ ქარხანაში იმყოფება, რომლის ტერიტორიაც ქალაქში შეჭრილი რუსეთის არმიის პირისპირ, უკრაინელების ბოლო სიმაგრედ რჩება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მორიგი შეფერხება. ცოტა ხნით ადრე, აზოვის ზღვის საპორტო ქალაქის მთავრობამ თქვა, რომ კვირას, ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობით დატვირთული კოლონების გაყვანის შემდეგ, რუსეთის ძალებმა ცეცხლი ისევ გახსნეს.

მარიუპოლიდან ევაკუირებულთა პირველი ნაწილი დღეს წესით უკრაინის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიაში უნდა ჩავიდეს, რომელიც მარიუპოლიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 230 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის საბჭო იუწყება, რომ ავტობუსები არათუ ზაპოროჟიაში, არამედ შუალედურ პუნქტზეც ჯერ არ გამოჩენილან.

მარიუპოლი უკვე თვეებია რუსეთის ალყაშია. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი, საკვები, მედიკამენტები, რაც უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას ქმნის. უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ პორტში "ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშნებია".

რუსეთის ძალები მარიუპოლს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ. მოსკოვი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას უსაფრთხო კოლონის საშუალებით, რომელიც რამდენიმე ავტობუსისგან შედგებოდა, "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის ტერიტორია და ქალაქის სხვა უბნები 126-მა ადამიანმა დატოვა. მათგან 57-მა არჩია რუსების მიერ კონტროლირებულ ნაწილში დარჩენა, დანარჩენები კი უკრაინის მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენ დაიძრნენ.

რუსეთი ბრძოლას უკრაინის სხვა ფრონტებზეც აგრძელებს. ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე უკრაინული ქალაქები ინტენსიურად იბომბება. პერიოდულად ბომბებს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთითაც ისვრიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი შავი ზღვის პორტის, ოდესის მახლობლად ჩამოვარდა.

ევროპის კავშირის ენერგოსექტორის ლიდერები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან. ისინი მოსკოვის მოთხოვნას განიხილავენ, რომელიც რუსეთიდან გაზის ექსპორტზე საფასურის გადახდას რუსული "რუბლით" ითხოვს. კრემლი იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. მართალია, ბლოკმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა, მაგრამ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ დიდად არის დამოკიდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG