ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული სიმინდით დატვირთულმა გემმა რუმინეთში შავი ზღვის პორტი დატოვა


უკრაინული სიმინდით დატვირთული სატვირთო გემი რუმინეთის შავი ზღვის პორტ კონსტანტაში

რუმინეთის შავი ზღვის საპორტო ქალაქ კონსტანტაში დღეს დასრულდა 71 000 ტონა უკრაინული სიმინდის გემზე ატვირთვა. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთი შეიჭრა - აცხადებს პორტის ოპერატორი კომპანია "კომვექსი".

უკრაინის პორტები ომის დაწყების შემდეგ დაბლოკილია. კიევი, მარცვლეულის მსოფლიოს რიგით მეოთხე უდიდესი ექსპორტიორი, იძულებული გახდა, ტვირთი ჯერ მატარებლით უკრაინის დასავლეთ საზღვართან გადაეტანა და შემდეგ, სამდინარო პორტებით რუმინეთში ჩაეზიდა.

"კომვექსის" პრეზიდენტის, ვიორელ პანაიტის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა "უკრაინული სიმინდით დატვირთული გემი პორტს ტოვებს". ის თვლის, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა, ნიშნავს "გლობალური შიმშილის კოლოსალური ტალღის პრევენციას", რისი პროვოცირებაც უკრაინის პორტების ბლოკირებითაა განპირობებული. პანაიტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონსტანტის პორტში 80 000 ტონა უკრაინული ტვირთია ჩასული და ამდენივე გზაშია.

კომპანია "კომვექსი" ევროპაში ერთ-ერთ უსწრაფეს ოპერატორად ითვლება, რომელსაც საპორტო ტერმინალში დღეში 70 000 ტონა მარცვლეულის დაბინავება შეუძლია, აცხადებს ვიორელ პანაიტი. ის ამავე დროს კონსტანტას პორტის ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტიც არის.

რუმინეთი ევროპის კავშირის წევრი ქვეყანაა. შავ ზღვაზე მისი პორტები მარცვლეულის და ზეთის გადაზიდვის ერთ-ერთ მთავარ არტერიად ითვლება. რუმინეთს შავი ზღვის მხრიდან ესაზღვრება ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო, უკრაინა და რუსეთი.

XS
SM
MD
LG