ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი "გამოძალვას" უწოდებს რუსული გაზის შეწყვეტას


ვროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი
ვროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი

ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსული "გაზპრომის" მიერ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის გაზის შეწყვეტა "გამოძალვად" შეაფასა. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ევროპის კავშირის ბლოკი მოსკოვის ქმედებებზე კოორდინირებულად მუშაობს და პასუხს ამზადებს.

რუსეთმა პოლონეთის და ბულგარეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად, გაზის საფასურის რუსულ "რუბლში" გადაუხდელობა დაასახელა. ეს ჯერჯერობით ყველაზე მკაცრი რეაქციაა, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გამო, მოსკოვზე დაწესებულ დასავლეთის სანქციებზე გააკეთა.

"გაზპრომის" განცხადება, რომელიც ევროპული მომხმარებლებისთვის გაზის ცალმხრივად შეწყვეტას გულისხმობს, რუსეთის მიერ გაზის გამოძალვის ინსტრუმენტად გამოყენების კიდევ ერთი მცდელობაა" - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, "ეს გაუმართლებელი და მიუღებელია. და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის, როგორც გაზის მომწოდებლის, არასანდოობას".

ფონ დერ ლეიენი ასევე ამბობს, რომ ევროპის კავშირი მოვლენების ამ სცენარით განვითარებისთვის მზად იყო. ბლოკი გააგრძელებს მუშაობას ალტერნატიული წყაროების ძებნის მიმართულებით და მარაგის შესავსებად. ევროკავშირის მარაგი ამ მომენტისთვის 32%-ით არის სავსე. ბრიუსელი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, რომ მათ ადგილზე ჰქონდეთ გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის შექმნილი შესაბამისი გეგმა.

ამას გარდა, ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან მომხდარ ესკალაციაზე ბლოკის პასუხი იქნება კოორდინირებული. ბრიუსელში შეიქმნა ე.წ. გაზის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ეროვნული მთავრობების და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთიანდებიან. კოორდინირებული რეაგირების მიზნით, ისინი დღეს დილიდან შეიკრიბნენ.

ევროკავშირი თვლის, რომ რუსული გაზის საფასურის გადახდა "გაზპრომთან" დადებული კონტრაქტის მიხედვით უნდა მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციები 97%-ში ევროპული "ევროს" და ამერიკული "დოლარის" საშუალებით უნდა განხორციელდეს. რუსული "რუბლით" გადახდა კი ევროპის კავშირის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების დარღვევა იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG