ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმის ხელისუფლება რუსეთთან შეერთებას აძლევს ხმას


ეს ნაბიჯი უკრაინის კრიზისს, სავარადუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს და სიტუაციის დარეგულირების დიპლომატიურ მცდელობებს რისკის ქვეშ დააყენებს

ყირიმის კანონმდებლებმა დღეს ხმა რუსეთთან შეერთებას მისცეს და რუსეთის პრეზიდენტ -ვლადიმირ პუტინს- ამ საკითხის განხილვა სთხოვეს. უმეტესად რუსი მოქალაქეებით დასახლებულმა ყირიმის მთავრობამ განაცხადა, რომ სულ რაღაც 10 დღეში, 16 მარტს, ის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, პავლო შერემეტას სიტყვები მოჰყავს, რომელიც ყირიმის სტატუსის განმსაზღვრელ რეფერენდუმს „არაკონსტიტუციურს“ უწოდებს. ეს ნაბიჯი უკრაინის კრიზისს, სავარადუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს და სიტუაციის დარეგულირების დიპლომატიურ მცდელობებს რისკის ქვეშ დააყენებს.

დღეს ყირიმის პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის პარალელურად, რომელსაც ზურგს მოსკოვი უმაგრებს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში საგანგებო სამიტზე შეიკრიბნენ. ისინი რუსეთზე ზეწოლის გზებს განიხილავენ, რათა მან ყირიმში უკან დაიხიოს. შეერთებული შტატების კანონმდებლები კი ვაშინგტონში რუსეთის წინააღმდეგ სავარაუდო ეკონომიკურ სანქციებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG